ირაკლი ბენდელიანი - გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კომპანია შეირჩა
ირაკლი ბენდელიანი - გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კომპანია შეირჩა

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კომპანიაა შერჩეული, რომელსაც კულტურული სტატუსის შენობებზე მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ კომპანიებიდან საუკეთესო შეირჩევა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა საკრებულოში განაცხადა, სადაც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, დედაქალაქის მერიას დეტალური დასაბუთება აქვს გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იგეგმება პროექტის გამარტივებული შესყიდვა.

“პროცესს ვაწარმოებთ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიმართული გვაქვს. სადაც დეტალური დასაბუთება გვაქვს გაკეთებული იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვგეგმავთ ამ პროექტის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებას. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან დადებითი თანხმობის წერილი იქნება, ამის შემდგომ დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობას მივმართოთ. მას შემდეგ რაც გამარტივებულ შესყიდვებზე ნებართვას მივიღებთ, პარალელურ რეჟიმში კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აქ ერთ კომპანიაზე საუბარი არ არის. რამდენიმე კომპანია გვყავს შერჩეული, რომელსაც კულტურული სტატუსის შენობებზე მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ კომპანიებიდან საუკეთესო შეირჩევა. ვფიქრობთ, რომ პროცედურას ერთკვირიანი ვადა დასჭირდება. მოლაპარაკებების პროცესში 5-6 კომპანიაა ჩართული, მაგრამ აქედან ორი კომპანია შეირჩევა”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

„ევროპული საქართველოს“ სხდომას ირაკლი ბენდელიანთან ერთად “თბილისის განვითარების ფონდის” დირექტორი გიორგი ბაიდაშვილი ესწრებიან. სხდომაზე გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტზე მსჯელობენ.

 

დატოვე კომენტარი