ირაკლი ბენდელიანი - ​ზაარბრიუკენის ხიდზე ყველანაირი ხარვეზის აღმოფხვრა კომპანიის ხარჯებით მოხდება
ირაკლი ბენდელიანი - ​ზაარბრიუკენის ხიდზე ყველანაირი ხარვეზის აღმოფხვრა კომპანიის ხარჯებით მოხდება

​ზაარბრიუკენის ხიდზე კომპანიის ხარჯებით მოხდება ყველანაირი ხარვეზის აღმოფხვრა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა არის დაგეგმილი.

„ზაარბრიუკენის ხიდთან დაკავშირებით სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. იქ რამდენიმე დღის წინ ვიყავით. პერიოდულად მერიის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს სამუშაოების დროს ინსპექტირებას. გამოვლინდა ასფალტის დაგების დროს ხარვეზები. არ არის სამუშაო ისეთი ხარისხით შესრულებული, როგორც უნდა იყოს და როგორი მოთხოვნაც გვაქვს. დღესვე გვექნება კომპანიასთან შეხვედრა და თვითონ ამ კომპანიის ხარჯებით მოხდება ყველანაირი ხარვეზის აღმოფხვრა, რაც არასწორად არის გაკეთებული. სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი“ და „კონსტრაქშენ სერვისი” ასრულებდა. მერმა როდესაც შეამოწმა ეს ტერიტორია მაშინ გვირაბის სამუშაოები ტარდებოდა, მაშინ ასფალტის საფარის ზედა ფენები მოწყობილი არ იყო. როცა დასრულდა სამუშაო რამდენიმე დღის წინ, ხელმეორედ შემოწმდა. ამ პერიოდისთვის გამოვლინდა ეს ხარვეზები“,- განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებით ძალიან უკმაყოფილოა.