ირაკლი ბათიაშვილი - ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ შავბნელი ძალის მობრუნება
ირაკლი ბათიაშვილი - ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ შავბნელი ძალის მობრუნება

ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ შავბნელი ძალის მობრუნება. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, დავიცვათ თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და მომავალი, ამისათვის კი ნამდვილად ღირს შრომაც, გარჯაც, დარაზმვაც და თუ საჭიროა თავგანწირვაც კი, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა რუსთაველის თეატრის წინ გამართულ ღონისძიებაზე – „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა.

როგორც ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ თავისი უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა, რომ გააცოცხლა აგონიაში მყოფი ძალა, რომელიც ახლა უკან მობრუნებით იმუქრება.

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა საღად მოაზროვნეა და ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ ჩვენ გამარჯვებაში, ჩვენი ქვეყნის მომავალში. დიდი ინგლისელი მოაზროვნე ედმუნდ ბიორკი ამბობდა, ერთადერთი რაც საჭიროა, ბოროტების ტრიუმფისთვის არის ის, რომ კარგი ადამიანები არაფერს ვაკეთებდეთ. დღეს ჩვენ ვდგავართ ალეტრნატივის წინაშე, ან ჩვენი უმოქმედობით პასიურობით, გზას გავუხსნით საქართველოში ბოროტებას, ან კიდევ ჩვენი ერთსულოვანი ძალისხმევით ერთხელ და სამუდამო დავასამარებთ შავბნელი ძალის მობრუნებას ჩვენს ქვეყანაში. მრცხვენია, რომ ამდენი წლის შემდგომ აქ ვდგავარ და კიდევ ამ თემებზე ვლაპარაკობ. ასეთი განწყობა აქვს ალბათ ბევრ ჩვენგანს. სააკაშვილის საკითხებზე მიწევს ლაპარაკი, კიდევ მიტინგზე ყოფნა მიწევს, ძალიან მეუხერხულება. მაგრამ რას იზამ? სამწუხაროდ, ხელისუფლებამ უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა, რომ გააცოცხლა აგონიაში მყოფი ძალა და ის ახლა გვემუქრება უკან მობრუნებით. შეცდომებიც დაშვებულია და ამ შეცდომების გამოა, რომ მოსახლეობის, ჩვენი გაჭირვებული ხალხის დიდ ნაწილში მართლაცდა არის ასეთ ნიჰილიზმი, უფრო მეტიც აგრესიული მუხტი. თვალებს ნუ დავიბრმავებთ, კარგად დავინახოთ ის რადიკალური სხვაობა, რაც არსებობს, როგორც თეთრსა და შავს შორის, ასევე ძველ სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის, თუნდაც გაკეთებული საქმეების მხრივ. არ შეიძლება დავბრმავდეთ და ეს დიდი სხვაობა არ დავინახოთ ყველა თვალსაზრისით, ბიზნესის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით. არ მინდა, ჩამოვყვე რა გაკეთდა ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, რაზედაც სამწუხაროდ, თვითონ ჩვენი ხელისუფლება ვერ ახერხებს ამის სათანადოდ წარმოჩენას”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, დღეს „რუსთავი 2“ შეუსვენებლივ მუშაობს, რათა 24 საათის განმავლობაში ტვინი გამოურეცხოს საზოგადოებას და ეს მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მასობრივი არეულობისთვის ნიადაგი მოამზადოს.

„პრეზიდენტი მათ სჭირდებათ ძირგამომთხრელი მუშაობისათვის. სჭირდებათ, რათა პრეზიდენტმა ყოველდღე საზღვარგარეთ, სტრასბურგში, ბრიუსელში, კუბოში ჩადოს ეს ხელისუფლება და ყოველდღე ძირი გამოუთხაროს მას. როგორც კი მომენტს ჩაიგდებენ და აქ შეიძლება დაიწყოს საზოგადოებრივი მღელვარების მაგვარი რამ, მაშინ მათი პრეზიდენტი, სჭირდებათ, რათა დადგნენ და მოწოდება გააკეთოს ხალხის მიმართ, რომ მოდით ყველა შემოუერთდით ამ აქციას. მოწოდება გააკეთოს პოლიციელებისადმი, ჯარისადმი. ეს ყველაფერი მიმართული იქნება, რათა გადაიზარდოს პროცესები მასობრივ დესტაბილიზაციაში და არეულობაში, ამის ფონზე მათ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები. მიაღწიონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, როდესაც ხელისუფლება იქნება პარალიზებული. ეს არის გეგმა, ეს არის ცნობილი სხვადასხვა წყაროებიდან”, – განაცხადა ბათიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას დღეს აკისრია ვალდებულება, რომ არ დაუშვას სისხლიანი რეჟიმის უკან მობრუნება.

„ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, რომ არ დავუშვათ საქართველოში არავითარ შემთხვევაში ამ შავბნელი ძალის მობრუნება. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და მომავალი, ამისათვის კი ნამდვილად ღირს შრომაც, გარჯაც, დარაზმვაც და თუ საჭიროა თავგანწირვაც კი”, – განაცხადა ბათიაშვილმა.