ირაკლი ბათიაშვილი - 9 აპრილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული შემობრუნების თარიღი
ირაკლი ბათიაშვილი - 9 აპრილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული შემობრუნების თარიღი

1989 წლის 9 აპრილის შედეგი არის გრანდიოზული, – ამის შესახებ ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, 1989 წლის 9 აპრილი არის ტრაგედია, რადგან ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლი დაიღვარა, მაგრამ ეს იყო ქართველი ხალხის ნების გამარჯვება. თან, იყო ძალიან სერიოზული მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, რომელიც კონკრეტულ პროცესებში გამოიხატა“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

მისი თქმით, 9 აპრილმა დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსვლა, გამოცხადება და ეს პროცესი შეუქცევადი გახადა.

„სხვათა შორის, ეს ითქვა კიდეც. კრემლში თვითონ რუსეთის ელიტა ამბობდა და შემდეგშიც ასე აფასებდნენ, რომ 1989 წლის 9 აპრილის მერე უკვე გარკვეული გახდა – საბჭოთა კავშირი აუცილებლად დაიშლებოდაო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული შემობრუნების თარიღი“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

ბათიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილის კადრებმა პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო შემოიარა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

„კადრებმა პრაქტიკულად, შემოიარა მთელი მსოფლიო, სადაც საქართველო არც კი იცოდნენ. ყველამ გაიგო, რომ არსებობს ქვეყანა და ხალხი, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ჰქონია და ახლა ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის იბრძვისო“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

როგორც ბათიაშვილმა აღნიშნა, 1989 წლის 9 აპრილით ქართველმა ხალხმა მიიღო უზარმაზარი კონსოლიდაცია, როგორიც საქართველოს შესაძლოა, ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში და მერეც არ ახსოვს.

„ასეთი ერთსულოვნება არასოდეს ყოფილა. ქართველი ხალხი დარაზმული იყო და მან აჩვენა თავისი სწრაფვა დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

მისი თქმით, თავისუფლებისთვის, როგორც საქართველოს მიერ გადატანილ დიდ ბრძოლებს ჰქონდა უზარმაზარი შედეგი, ასევე არანაკლები ჰქონდა 1989 წლის 9 აპრილსაც და შესაძლოა, მეტიც.

„ოღონდ, ეს იყო მშვიდობიანი შერკინება. ჩვენი ხალხი იყო სუფთა ხელებით, მშვიდობიანად, აბსოლუტურად უიარაღოდ. ეს იყო დიდი შერკინება“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.