ირაკლი აზაროვი სერბეთის ჩემპიონია - „ცრვენა ზვეზდა“ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მონაწილეა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი სერბეთის ჩემპიონია - „ცრვენა ზვეზდა“ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მონაწილეა #1TVSPORT

ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში, რომელმაც „ბაჩკა ტოპოლა“ 4:1 დაამარცხა და სერბეთის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა.

სერბეთის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის შეხვედრა ბელგრადელებმა საშინაო არენაზე გამართეს და მეორეადგილოსან მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. აზაროვის გუნდმა 85 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე „ბაჩკა ტოპოლას“ (62) დაწევის თეორიული შანსიც მოუსპო.

31 მატჩის შემდეგ ბელგრადელებს 27 მოგება და 4 ფრე აქვთ (ბურთების შეფარდება 85:15). ამას გარდა, გუნდი სერბეთის თასის მეოთხედფინალშია გასული. თუ ეს ტიტულიც მოიპოვა, დუბლს ზედიზედ მესამედ შეასრულებს  და „ცრვენა ზვეზდას“ ახლანდელი თაობა კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.

„ცრვენა ზვეზდამ“ ჩემპიონის ტიტულის მოგებით უკვე მოიპოვა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება. ამ წარმატებას განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ ბელგრადული კლუბი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 2023/24 წლების სეზონის პირველი მონაწილე გახდა.

ამავე დროს სერბეთი უეფა-ს საკლუბო რეიტინგშიც დაწინაურდა და „ცრვენა ზვეზდა“ პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა, ხოლო სერბეთის ვიცე-ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა „ცრვენა ზვეზდაში“ 13 მატჩი ჩაატარა – მათგან ექვსი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო 7-ჯერ შეცვლაზე შევიდა.