ირაკლი ანთაძე - ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების ოჯახებში დაბრუნება იქნება
ირაკლი ანთაძე - ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების ოჯახებში დაბრუნება იქნება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე მთავარი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში დაბრუნების საკითხი, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის დასწრება ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების უპრეცედენტო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში აქტიურ ფაზაში გადასულ ბორდერიზაციის პროცესს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, გვყავს მაღალი რანგის სტუმარი, შეხვედრას ესწრება ეუთო-ს გენერალური მდივანი. ეს არის დადასტურება იმ უპრეცედენტო მხარდაჭერის, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორები იჩენენ, როგორც მოლაპარაკების არსებული ფორმატების, ასევე საქართველოს მიმართ. დიალოგი გრძელდება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე. მოცემულობა გახლავთ ის, რომ ყველა უკანონო პატიმარი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მე-100 შეხვედრა იმართება, რომელსაც საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ესწრება.