ირაკლი აბუსერიძე - რაგბის კავშირში არსებულ უსამართლობას სამართლიანობით დავუპირისპირდები
ირაკლი აბუსერიძე - რაგბის კავშირში არსებულ უსამართლობას სამართლიანობით დავუპირისპირდები

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, რაგბის კავშირში დღეს არსებულ უსამართლობას ის და მისი მხარდამჭერები სამართლიანობით დაუპირისპირდებიან.

რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტნის განცხადებით, რაგბის კავშირში სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პრობლემა არსებობს და სწორედ ამ პრობლემების მოგვარების სურვილმა გადააწყვეტინა მას მონაწილეობა მიიღოს 30 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში.

აბუსერიძის თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და მისმა გუნდმა ვერ დადეს ის შედეგები, რაც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ დაანონსებული და 20-წლამდე ნაკრებისა და მსაჯების კვალიფიკაციის გარდა, ყველა სხვა დანარჩენ კომპონენტში ქართული რაგბი რეგრესის გზას ადგას. ეს ეხება მათ შორის, რაგბის ეროვნულ ნაკრებსაც.

აბუსერიძე ასევე საუბრობს, რომ რაგბის კავშირის  ხელმძღვანელობამ გლდანსა და „მზიურში“ მდებარე, კავშირის საკუთრებაში არსებული მიწები გაყიდა.

30 იანვარს, 13:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ჩატარდება. ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის პრეზიდენტს აირჩევენ. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ორგანიზაციის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე.