ირაკლი აბუსერიძე - გარეშე ძალებს არ მივცემთ საშუალებას, ჩაერიონ რაგბის საქმეებში და მისი ბედი გადაწყვიტონ
ირაკლი აბუსერიძე - გარეშე ძალებს არ მივცემთ საშუალებას, ჩაერიონ რაგბის საქმეებში და მისი ბედი გადაწყვიტონ

დღეს, 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებია ჩანიშნული.

ავჭალაში,  რაგბის სტადიონთან შეკრებილები არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომელთაც შეკამათება მოუვიდათ რაგბის კავშირის კანდიდატ იოსებ ტყემალაძესთან. „ბორჯღალოსნების“  ყოფილი კაპიტნის მომხრეები აცხადებენ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძეა. თავად ირაკლი აბუსერიძემ აღნიშნა, რომ რაგბის კლუბ „წიქარას“ პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე გერმანულ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად იყო წასული, როცა აიძულეს, ხმის მიცემის უფლება სხვისთვის გადაეცა.

ირაკლი აბუსერიძე: „დღევანდელი ყრილობა მიმართულია არა რაგბის გაერთიანებისკენ, არამედ რაგბის დაშლისკენ და გარეშე ძალებს არ მივცემთ იმის საშუალებას, ჩაერიონ რაგბის საქმეებში და მისი ბედი გადაწყვიტონ“.

კრებაზე დელეგეტების ნაწილი უკვე შევიდა, ნაწილი არ შესულა და უცნობია, ქვერუმი შედგება თუ არა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ განმეორებით ყრილობაზე ირაკლი აბუსერიძე შეკრებილმა დელეგატებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა შემდგომ საქართველოს საჯარო რეესტრმა შეაჩერა განცხადება, რომლითაც „ბორჯღალოსნების“ ყოფილი კაპიტანი მისი „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციას ითხოვდა.