ირაკლი აბესაძე - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ სარეზერვო სისტემაა
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო რეალურად მიიღებს გამართულ სარეზერვო რეფორმას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან კარგი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის.
,,ევროპული საქართველოს’’ წევრის შეფასებითვე, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი არ უნდა იყოს მხოლოდ მორიგი რეფორმა რეფორმისთვის და მისი რეალურად შესრულება უნდა მოხდეს.
,,ნათელია, რომ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს ის ნაბიჯები არ შეესაბამება, რომელსაც მთავრობა გასული წლების განმავლობაში დგამდა თავდაცვისუნარუანობის გასაზრდელად. თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ სარეზერვო სისტემაა და ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმა იქნებოდა მნიშვნელოვნად ხელშემწყობი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად”, – აღნიშნა აბესაძემ.
ირაკლი აბესაძის განმარტებით, წარმოდგენილი კონცეფცია ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს. მისი შეფასებითვე, კონცეფციის დონეზე კი ფინანსური გაანგარიშება წარმოდგენილი არ იყო. ამიტომ, საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტის პარლამენტში გადაგზავნას ელოდება, იმის გასარკვევად, თუ რამდენად რეალისტურია სამხედრო სარეზერვო რეფორმის საქართველოში რეალურად ამოქმედება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა.