იორდანიის კოვიდკლინიკაში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა
იორდანიის კოვიდკლინიკაში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

იორდანიაში, კოვიდკლინიკაში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების გამო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა დედაქალაქ ამანში, ახალ სახელმწიფო ჰოსპიტალში მოხდა. ჯერ უცნობია, რა გახდა კლინიკის ინტენსიური თერაპიის, სამშობიარო და კოვიდპაცენტებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში ჟანგბადის მიწოდების შეფერხების მიზეზი.

საავადმყოფოში იორდანიის ჯანდაცვის მინისტრი ნათირ ობეიდათი მივიდა, რომელიც პერსონალს შეხვდა. ადგილზე უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებული იყო, რადგან საავადმყოფოს შესასვლელთან შეკრებილი იყვნენ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები.

იორდანიაში ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რაც ვირუსის ე.წ. ბრიტანული ვარიანტის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება. გასულ კვირას მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები გაამკაცრა და პარასკეობით სრული ლოკდაუნი გამოაცხადა.

გასულ ხუთშაბათს იორდნაიაში „კოვიდ-19“-ის 8 300 შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყებიდან ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.