იოჰან ვადეპული – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი დაძაბული იყო, საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

13:05, 27.09.2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარი „დაძაბული“ იყო და საკვანძო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ვადეპულის თქმით, შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილეს: მარცვლეულის ექსპორტი, ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი და ბერლინის მხრიდან კიევის მხარდაჭერა. მისი განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის პოზიცია „აბსოლუტურად ურყევი“ რჩება.

„საუბარი დაძაბული იყო. საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოდ მეთქვა, რომ გერმანია არ შეეგუება ისეთ შემთხვევებს, როგორიც ლაიფციგში დრონებით განხორციელებული თავდასხმაა. ეს მიუღებელი ესკალაციაა. რუსეთი მკაფიოდ გავაფრთხილე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა, შეგვიძლია საპასუხო ზომების მიღება და ამას გავაკეთებთ. მე ვითარების დეესკალაციის წინადადება წამოვაყენე, განსაკუთრებით უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით. თუმცა, ჯერ მას ამ წინადადების მიმართ მზაობა არ გამოუჩენია“, – განაცხადა ვადეპულმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.

ვადეპულის განცხადებით, მას არაერთმა კოლეგამ ურჩია, რომ გარკვეულ ეტაპზე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები განახლებულიყო. ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე მთელი დიალოგი ევროპელების ნაცვლად მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარეობდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მთავრობებს შორის პოზიციებში ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს. თუმცა, ეს განსხვავებები აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ცივი ომის დროს მხარეებს შორის ყოველთვის მიმდინარეობდა პოზიციების გაცვლა. ამიტომ, ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე სწორი იქნებოდა, ასეთი დიალოგისთვის პირველი შესაძლებლობა მოგვეძებნა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ნიუ ოორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეპულსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი