იოჰან ვადეპული – ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს და მისი დაბრუნება სურს, ეს ეხებათ უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინის წინააღმდეგ ომს სცდება.
ვადეპულის თქმით, ომამდე რუსეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საფრთხე არავისგან ემუქრებოდა და გერმანიის ჩათვლით რამდენიმე ქვეყანასთან ხელსაყრელი შეთანხმებებიც ჰქონდა.
„სწორედ ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს უფრო ფართო გეგმები აქვს“, – განაცხადა ვადეპულმა.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მან ვლადიმერ პუტინის ძველი განცხადება გაიხსენა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა იყო.
„ეს თუ უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ მას სავარაუდოდ, მისი დაბრუნება სურს“, – განმარტა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იოჰან ვადეპულის თქმით, ეს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ეხება.
ამასთან, ვადეპულის განცხადებით, გერმანია მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმისას არ ჩათვლის თავს თავდასხმის ობიექტად, არამედ იგივე მოხდება, თუ ნატო-ს მოკავშირეების, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის საზღვარი გადაიკვეთება.