იოჰან ვადეპული – ჩვენ კვლავ უნდა გამოვიჩინოთ მტკიცე ნება და მკაფიო პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, სტაბილურობა მხოლოდ უკრაინას კი არა, ევროპასაც სჭირდება
სტაბილურობა მხოლოდ უკრაინას კი არა, ევროპასაც სჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განცხადა.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას.
„ჩვენ ასევე გვერდში უნდა დავუდგეთ მთავრობას და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტს, იმ რთული ამოცანების შესრულების დროს, რომელთა წინაშეც ის დგას. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ მოლაპარაკებები გვჭირდება. მაშინ, როდესაც უკრაინის დელეგაცია მაიამიში იმყოფებოდა და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებს განიხილავდა, პუტინი კვლავ გასცემდა ბრძანებებს უკრაინის დაბომბვის შესახებ. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს იყო ტრაგიკული კვირა კაცობრიობისთვის და ასევე ტრაგიკული კვირა მშვიდობისთვის“, – განაცხადა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას.
„ჩვენ კვლავ უნდა გამოვიჩინოთ მტკიცე ნება და მკაფიო პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. ჩვენ ნაკლები ზეწოლა კი არ გვჭირდება, არამედ მეტი ზეწოლა პუტინზე, იმის უზრუნველსაყოფად რომ ის მზად იყოს მოლაპარაკებებისთვის. სწორედ ეს არის ახლა მთავარი ამოცანა და გერმანიის მთავრობა ამ პოზიციას მტკიცედ უჭერს მხარს“, – აღნიშნა იოჰან ვადეპულმა.