გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იოაჰიმ ლიოვს კარიერის გაგრძელება კლუბში სურს. სპეციალისტის განცხადებით, ეროვნულ გუნდში მისი მოღვაწეობა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, ამიტომ უკვე აქტიურად დაიწყო იმაზე ფიქრი, რას გააკეთებს ნაკრების დატოვების შემდეგ.
„კლუბში მუშაობის გამოცდილება მაქვს. ამით რამდენიმე წელი ვიყავი დაკავებული. მინდა ამ საქმიანობას დავუბრუნდე. ვფიქრობ გერმანიის დატოვებასა და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებას. ესპანეთი შესანიშნავი ვარიანტია. მადრიდის „რეალი“ ნებისმიერი მწვრთნელისთვის საოცნებო გუნდია.“ – აღნიშნა ლიოვმა.
შეგახსენებთ, რომ 58 წლის სპეციალისტი გერმანიის ნაკრებში 2006 წლიდან მუშაობს და მასთან ერთად 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. 2018 წლის მუნდიალზე გერმანელთა წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, როცა გუნდმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, თანაც ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, ლიოვის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საბოლოოდ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მასთან თანამშრომლობა გააგრძელა.
სამწვრთნელო კარიერა ლიოვმა 1994 წელს დაიწყო. გერმანიის ნაკრებამდე მან არაერთ კლუბში იმუშავა, მათ შორის „შტუტგარტში“, „ფენერბახჩეში“, „კარსლრუესა“ და ვენის „აუსტრიაში“.