ინტერვიუ | დუდა სანაძე - იმედი მაქვს, ნოემბრის სანაკრებო მატჩებს გულშემატკივარი დაესწრება [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრის, დუდა სანაძის „ბორაცმა“ ადრიატიკის ლიგაში ორი მატჩი გამართა. არც ერთ მათგანში ქართველ უკანახაზელს არ უთამაშია. დავინტერესდით მიზეზით, დუდას ჯანმრთელობის მდგომარეობითა და სერბეთში დავუკავშირდით.
„სექტემბრის პირველ ნახევარში კორონავირუსი დამიდგინდა. ორი კვირა შინ ვიყავი, მას მერე, ნელ-ნელა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, თუმცა ექიმების რეკომენდაციებს მივდევ. ერთბაშად დატვირთვა არ შეიძლება, შესაბამისად, არც თამაშის უფლებას მაძლევენ. ვიმედოვნებ, მალე მომიწევს მოედანზე სათამაშოდ გასვლა“.
„ბორაცმა“ ადრიატიკის ლიგაზე ორი მატჩი ჩაატარა, ჯერ სტუმრად „იგოკეასთან“ 89:91 დამარცხდა, შემდეგ შინ სლოვენის „ოლიმპიასთან“ დათმო (76:85). როგორც დუდა სანაძემ აღნიშნა, შარშანდელთან შედარებით გუნდი საკმარისად გაძლიერდა და ადრიატიკის პლეიოფში გასვლისთვის იბრძვის.
„გასულ წელთან შედარებით უფრო გამოცდილი გუნდი გვყავს. ამასთან, ადრიატიკის ლიგაზე პლეი ოფში ოთხის ნაცვლად უკვე 6 გუნდი გადის და ვფიქრობ, მეც რომ დავემატები და სათანადო კონდიციებს მივაღწევთ, პლეი ოფში გასვლა რეალურია“.
„ოლიმპიას“ სერბეთში ჩაჰყვა საქართველოს ნაკრების ყოფილი ლეგიონერი ჯეიკობ პულენი, რომელიც „ჯვაროსნებში“ 2012 და 2015 წლებში თამაშობდა.
„ყოველი შეხვედრისას პულენი საქართველოს ნაკრებზე მელაპარაკება. თამაშის სურვილსაც გამოთქვამს ხოლმე, თუმცა ბოლო შეხვედრისას დაამატა – უკვე ასაკში ვარო. სხვათა შორის, „ბორაცის“ წინააღმდეგ ძალიან შედეგიანი იყო (23 ქულა ჩააგდო)“.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს. 26-ში უკრაინას უმასპინძლებს, 29-ში – ესპანეთში ითამაშებს. ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ჩრდილოეთ მაკედონიაა.
„ყველას კარგად მოეხსენება, რომ ნებისმიერი თამაშის მოსაგებად დიდი ძალისხმევაა საჭირო. საქართველოს ნაკრებმა აქამდე არაერთხელ დაამტკიცა, რომ თუ ყველა ჯანმრთელადაა და გუნდშიც ოპტიმალური შემადგენლობაა შეკრებილი, ნებისმიერი მეტოქის დამარხცხება შეუძლია. პირველ მატჩს უკრაინასთან გავმართავთ. მოსაგები თამაშია. შემდეგ ესპანეთში გავემგზავრებით. ესპანელებს ევროლიგის კალათბურთელები არ ეყოლებათ და მათთან თუნდაც სტუმრად გამარჯვებაზე ფიქრი რეალურია. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“.
დუდა სანაძემ ბოლოს ყურადღება გაამახვილა ერთ მტკივნეულ საკითხზე:
„იმედი მაქვს, ნოებრის მატჩებს გულშემატკივარი დაესწრება. ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს, ჩვენთვის, კალათბურთელებისთვის ქომაგის მხარდაჭერა. პანდემია ყველა ქვეყანაშია, თუმცა გულშემატკივარი თამაშებს მაინც ესწრება. ბევრგან დარბაზები სრულად ივსება“.