ინტერვიუ | ალექსანდრე ფევაძე ესპანურ „გრან კანარიში“ ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდი ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანურ „გრან კანარიაში“ განაგრძობს. მან ახალ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ესპანეთში მალე გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ფევაძე გასულ სეზონში საქართველოს სუპერლიგის „ცხუმ-აფხაზეთის“ ღირსებას იცავდა და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. მას ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე რეგულარულად იწვევს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე ფევაძეს 4 მატჩში საშუალოდ 17,3 წუთში 5,3 ქულა და 4 მოხსნა აქვს.
– „გრან კანარიასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ესპანელები ამჟამად თვითმფრინავის ბილეთებზე მუშაობენ, იმედი მაქვს ყველა ფორმალობა მოგვარდება და კლუბს მალე შევუერთდები, – გვითხრა ალექსანდრე ფევაძემ.
– „გრან ანარიაში“ შენს მომავალზე მწვრთნელს თუ ესაუბრე?
– გუნდის გენერალურ მენეჯერს ველაპარაკე. მათ კონტრაქტის გაფორმებამდე ჩემს შესახებ გიორგი შერმადინსაც ჰკითხეს. რაც შეეხება ახალ გუნდში ჩემს მომავალს, პირველ ეტაპზე „გრან კანარიას“ მეორე გუნდში ვითამაშებ, რომელიც ესპანეთის რიგით მესამე ლიგაში, „ლებ-სილვერში“ გამოდის. აქედან მთავარ გუნდში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი კალათბურთელის დამატება. თუმცა დავიმსახურებ თუ არა ადგილს პირველ გუნდში ჩემზე იქნება დამოკიდებული.
– 31 აგვისტოს მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ესპანეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია ერგო.
– ევრობასკეტი 2022 წლის სექტემბერში იწყება, მანამდე საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის რვა შეხვედრა ელის. ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ჩრდილოეთ მაკედონიაც და უკრაინაც კარგი გუნდებია. ესპანეთის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა ფიბა-სა და ევროლიგას შორის არსებული გაურკვევლობის გამო საწყის ოთხ მატჩში გუნდები ძლიერ შემადგენლობებს ვერ შეკრებენ. ბევრი რამ სწორედ შემადგენლობებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა საქართველოს ნაკრები ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის გამოდის. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზეც ჩვენი მიზანი მაქსიმუმის მიღწევა იქნება.