„ინტერფაქს-უკრაინა“ – ზელენსკი უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებასთან, მედიასა და ახალგაზრდებთან იმუშაონ
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებასთან, მედიასთან და ახალგაზრდებთან იმუშაონ. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდა, პარტნიორ ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნების წინ უფრო აქტიურად იმუშაონ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და უზრუნველყონ, რომ უკრაინის მხარდაჭერა არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული არ იყოს.
„ახლა იწყება განსაკუთრებული პერიოდი იმ პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სექტემბრიდან არჩევნები გაიმართება გერმანიის ფედერალურ მიწებზე, შემდეგ – ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მომავალ წელს – საფრანგეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. რუსეთი არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, არჩევნებში ჩაერიოს ჰიბრიდული მეთოდებით, ფინანსური რესურსებითა და დესტაბილიზაციის მცდელობებით. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა საფრთხეებს ქმნის ეს“, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინელმა დიპლომატებმა უნდა იმუშაონ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან, არამედ საზოგადოებასთან, მედიასა და ახალგაზრდებთანაც. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატების ამოცანაა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა და იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ხელისუფლების ცვლილებაზე დამოკიდებული არ გახდეს.
ზელენსკის განცხადებით, დიპლომატია, აღარ შეიძლება, დარჩეს მხოლოდ „კლასიკური და სტატიკური“ და უნდა მოერგოს თანამედროვე რეალობას, აქტიურად გამოიყენოს კომუნიკაციის თანამედროვე არხები.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ერევა.