ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - საქართველოში საერთაშორისო აი-ტი კომპანიები შემოდიან
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - საქართველოში საერთაშორისო აი-ტი კომპანიები შემოდიან

2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე  IT-კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისმობს საშემოსავლო გადასახადის 15 პროცენტისა და 20 პროცენტის ნაცვლად, ხუთი პროცენტით დაბეგვრას. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში შემოდიან მსოფლიოს უმსხვილესი IT-კომპანიები.

EPAM Systems-მა საქართველოში შვილობილი კომპანიის დასარეგისტრირებლად და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლად დადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პროცედურები პირველმა დაიწყო. IT-კომპანია წლიური $9 მილიარდიანი შემოსავლით ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და პირველია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაინტერესდა. Exadel მეორე IT-კომპანიაა, რომელიც მის საქმიანობას საქართველოში გადმოიტანს. 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებული კომპანია დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, პოლონეთი, ლიტვა, გერმანია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, უზბეკეთი).

„საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათებთან ერთად, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში 3000 IT-სპეციალისტი გადამზადდება. საერთაშორისო მასშტაბის ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ოფიციალურ სერტიფიკატს შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას“, – აცხადებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

იმისათვის, რომ კომპანიამ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება, ასევე შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება.