ინგლისური გამოცემა - „ნიუკასლი“ მამარდაშვილის ტრანსფერს, სავარაუდოდ, 35 მილიონ ფუნტად გამოისყიდის #1TVSPORT
„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ სკაუტების ყურადღების ცენტრში მოექცა და, სავარაუდოდ, პრემიერლიგის კლუბი ქართველ მეკარეს 35 მილიონ ფუნტად შეიძენს – ინფორმაციას გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.
„ბოლო დროს „ნიუკასლის“ სატრანსფერო სიახლეებზე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ყველაზე რეალური „ვალენსიის“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს უკავშირდება, რომელიც ინგლისური კლუბის სკაუტების ყურადღების ცენტრში მოექცა.
„ნიუკასლი“ ტანმაღალი (199 სმ) მეკარის გაფორმებას გეგმავს. საქართველოს ნაკრების 23 წლის გოლკიპერი „ვალენსიაში“ 2021 წელს „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და ესპანური გუნდის შემადგენლობაში თითქმის 100 მატჩი ჩაატარა.
მამარდაშვილს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წელს უმთავრდება. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, „ნიუკასლი“ „ვალენსიიდან“ ქართველი მეკარის ტრანსფერს გამოისყიდის – ესპანელები მამარდაშვილის ღირებულებად დაახლოებით 35 მილიონ ფუნტს ასახელებენ“, – ამტკიცებს ინგლისური გამოცემა.