ინგლისური გამოცემა - კვარაცხელია, შესაძლოა, „ტოტენჰემში“ ან „ლიდსში“ წავიდეს #1TVSPORT
ინგლისური გამოცემა - კვარაცხელია, შესაძლოა, „ტოტენჰემში“ ან „ლიდსში“ წავიდეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ დაინტერესებულ კლუბებს შორის „ლიდს იუნაიტედი“ და „ტოტენჰემიც“ არიან – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევის შესახებ ინფორმაციას იტალიური და ინგლისური გამოცემები ავრცელებენ. thehardtackle დეტალებზე წერს:

„ყაზანის „რუბინის“ შემტევი ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, რუსეთის პრემიერლიგაში მისმა გამოსვლამ რამდენიმე კლუბი დააინტერესა: პრემიერლიგის კლუბები – „ტოტენჰემი“ და „ლიდს იუნაიტედი“. სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ „რუბინი“ ფლანგის შემტევში ფულს გამოიმუშავებს. კვარაცხელიას რუსული გუნდი 15 მილიონი ევროს საფასურად გაუშვებს. ეს სასურველი გარიგება იქნება, რადგან მოთამაშე ბოლო წლებში რუსეთის მოედნებზე დომინირებს. 2019 წელს, ყაზანის „რუბინში“ გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიამ დიდ წარმატებას მიაღწია და ევროპაში განსაკუთრებით მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა“.

hardtackle ასევე წერს, თუ რა განაპირობებს ქართველის მიმართ ინტერესს:

„მას აქვს კარგი შეტევითი უნარები დამაგვირგვინებელ ფაზაში. ორწელიწადნახევრის შემდეგ კვარაცხელია თვლის, რომ დროა გადადგას შემდეგი ნაბიჯი კარიერაში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე. „ტოტენჰემიც“ და „ლიდს იუნაიტედიც“ მზად არიან, პრემიერლიგაში ნიჭის გამოსავლენად კვარაცხელიას კონტრაქტი შესთავაზონ. „ლიდსის“ ინტერესი არ არის გასაკვირი. ამავე დროს, „ტოტენჰემსაც“ სურს, რომ შეტევის ბოლო ფაზაში უფრო მეტად შემოქმედებითი ფეხბურთელები ჰყავდეს. გამოჩნდა, რომ გუნდი ზედმეტად დამოკიდებულია სონ ჰინ-მინზე და ჰარი კეინზე. დეიან კულუშევსკის მოსვლამ „სპურსს“ მეტი სიმწვავე შემატა, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდს შემოქმედებით ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი აკლია“.

ინგლისური გამოცემა ფეხბურთელის მიმართ ბათუმის „დინამოს“ ინტერესსაც შეეხო:

„ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება იყოს იდეალური შენაძენი როგორც „ტოტენჰემისთვის“, ასევე „ლიდსითვის“. 21 წლის ასაკში, ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაიხვეწოს, რაც მას იდეალურ ინვესტიციად აქცევს, განსაკუთრებით 15 მილიონი ევროს საფასურად. თუმცა არაა გამორიცხული კვარაცხელიას სამშობლოში შოკისმომგვრელი დაბრუნება და ქართულ გუნდში, ბათუმის „დინამოში“ თამაში. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დარტყმა „ლიდს იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემისთვის“, თუმცა „სპურსს“ ასევე ჰყავს სხვა ალტერნატივები, მათ შორის „გალათასარაის“ ამომავალი ვარსკვლავი კერემ აქტურქოღლუ“.

აქვე ვიტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ყაზანის „რუბინის“ ტელეგრამ-არხმასიყალბედ“ მონათლა. მოკლედ, საკითხი წყდება და სად ითამაშებს ქართველი თავდამსხმელი, სანაკრებო მატჩების შემდეგ დაზუსტდება.