იტალიაში კვარაცხელიასადმი „ნაპოლის“ ინტერესს ადასტურებენ - შესაძლოა, ხვიჩამ დროებით საქართველოშიც ითამაშოს #1TVSPORT
იტალიაში კვარაცხელიასადმი „ნაპოლის“ ინტერესს ადასტურებენ - შესაძლოა, ხვიჩამ დროებით საქართველოშიც ითამაშოს #1TVSPORT

Metaraitings.ru „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა და ამ ინფორმაციას ჭორი უწოდა. რუსული გამოცემის მიხედვით, ყაზანის „რუბინის“ ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელის გადასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე კომენტარი იტალიური კლუბის წარმომადგენელმა გააკეთა.

რუსული მედიასაშუალების მტკიცებით, იტალიური კლუბის წარმომადგენელმა, გვიდო ბალდარიმ განაცხადა, რომ ეს ჭორია და „ნაპოლი“ უახლოეს მომავალში „რუბინის“21 წლის ფეხბურთელის შეძენას არ აპირებს. ხვიჩა კვარაცხელიათი იტალიური კლუბის ინტერესზე ინფორმაცია ინსაიდერმა ალფრედო პედულამ გაავრცელა. ის წერდა, რომ 21 წლის თავდამსხმელი, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრების შემდეგ „რუბინში“ აღარ დაბრუნდეს და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდეს. ჟურნალისტის თქმით, იტალიურ კლუბში ხვიჩა კვარაცხელია ლორენცო ინსინიეს შემცვლელად წარმოუდგენიათ, რომელიც ზაფხულში „ტორონტოში“ გადავა.

რუსულზე უფრო სანდო წყარომ, „გაძეტა დელო სპორტმა“ რამდენიმე წუთის გამოაქვეყნა წერილი – „ნაპოლი“ კვარაცხელიას ახალ ინსინიედ განიხილავს“.

„2001 წელს დაბადებული ქართველი გარემარბი დე ლაურენტისის კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა. ყაზანელთა მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ „მისი აყვანა ევროპული ლიგების დიდ გუნდებსაც უღირთ“. კვარაცხელიამ მანამდე დააინტერესა „ლიდსი“ და „ტოტენჰემი“, ასევე „მილანი“. თუმცა, ვისაც ნამდვილად სჭირდება, ეს „ნაპოლია“, რომელსაც ინსინიეს წასვლის შემდეგ შემტევი გარემარბის დამატება მოუწევს. რუსების შეფასებით, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროა“, – წერს იტალიურ გამოცემა.

ამას გარდა, არის კიდევ ერთი დაუდასტურებელი ცნობა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, დროებით ბათუმის „დინამოში“ ითამაშოს, გუნდი ზაფხულში დატოვოს და ევროპაში წავიდეს.