ინგლისური გამოცემა – ანდრია ბართიშვილმა კოჭის ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, როდის განაახლებს ვარჯიშს #1TVSPORT
თბილისის „იბერიისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილი, რომელმაც აგვისტოში ლონდონის „არსენალთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, ტრავმირებულია.
17 წლის ფეხბურთელი აგვისტოში „ლარნესთან“ შეხვედრაში დაშავდა. ბართიშვილი მოედანს 10 ოქტომბერს, კონფერენსლიგაზე „სენტ-ტრუიდენთან“ მატჩში დაბრუნდა, მაგრამ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამო თბილისთან“ ისევ დაშავდა.
ქართველი ფეხბურთელის ტრავმას ვებგვერდი Arsenal Touchline-ი გამოეხმაურა, რომელიც ლონდონური კლუბის სიახლეებს აშუქებს.
„საქართველოს ჩემპიონატში „დინამო თბილისთან“ მატჩისას ბართიშვილმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. პირველადი ინფორმაციით, საუბარია კოჭის დაზიანებაზე, თუმცა დეტალური სამედიცინო შემოწმებისა და გამოჯანმრთელების ვადების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ქართველი ტალანტი „არსენალში“ მოსალოდნელი გადასვლის ფონზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას“, — წერს ინგლისური გამოცემა.