ინგლისის სოფელ პიდინგტონის მცხოვრებლებმა გამოკითხვა ჩაატარეს, მათმა უმრავლესობამ „დიდი ბრიტანეთიდან გასვლას“ დაუჭირა მხარი

15:23, 16.09.2026

ინგლისის სოფელ პიდინგტონის მცხოვრებლებმა „დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ” გამოკითხვა ჩაატარეს.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, გამოკითხულთა უმეტესობამ მხარი დიდი ბრიტანეთიდან „გასვლას“ დაუჭირა.

სიმბოლური გამოკითხვა სოფელში მას შემდეგ ჩაატარეს, რაც ადგილობრივმა მთავრობამ სოფლის სიახლოვეს მდებარე ყოფილ სამხედრო ბაზაზე თავშესაფრის მაძიებელი 1 200-ზე მეტი ადამიანის განთავსება გადაწყვიტა. პიდინგტონში ჩატარებულ კენჭისყრას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ამასთან, შედეგებმა აჩვენა, რომ პიდინგტონის 350 მცხოვრებიდან სოფლის „დამოუკიდებლობას“ 285-მა ადამიანმა მისცა ხმა. გამოკითხვის შემდეგ ადგილობრივი სამრევლო საბჭოს თავმჯდომარემ, ტიმ მაკნელიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამიერიდან სოფელს „პიდინგტონის სამთავრო“ ეწოდება.

დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა, ლიზა ნანდიმ „ბიბისის“ განუცხადა, რომ პიდინგტონთან მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზა თავშესაფრის მაძიებლების განთავსებისთვის „საუკეთესო ვარიანტია“, სასტუმროებთან ან ნაქირავებ საცხოვრებელთან შედარებით.

„სადმე უნდა განვათავსოთ ეს ადამიანები, ვიდრე თავშესაფრის მინიჭების სისტემაში არსებულ ქაოსს მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმის მიხედვით, პიდინგტონთან მდებარე სამხედრო ბაზა, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული თავშესაფრის მაძიებელი სრულწლოვანი მარტოხელა მამაკაცების განსათავსებლად.

„ეს ჩვენი სოფლის დაპყრობაა. ისინი ჩვენზე ოთხჯერ მეტი იქნებიან. მათ მოუნდებათ გარეთ გასვლა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ჩვენ გვაქვს სოფლის საზოგადოებრივი ცენტრი, XII საუკუნის ეკლესია და სპორტული მოედანი. და სულ ეს არის“, – ამბობენ პიდინგტონის მცხოვრებლები.

ცნობისთვის, მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია, რომელიც ხელისუფლებაში 2024 წლის ივლისიდან იმყოფება, ეტაპობრივად უარს ამბობს თავშესაფრის მაძიებლების სასტუმროებში განთავსებაზე. ხელისუფლება გეგმავს, რომ 2029 წლისთვის ამ მიზნით გამოყენებული სასტუმროები სრულად ჩაანაცვლოს ყოფილი სამხედრო ბაზებით.

მსგავსი