ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი დევიდ მოიესი გახდა, ფეხბურთელი - მოჰამედ სალაჰი #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ თებერვლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.
თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული „ევერტონის“ დამრიგებელმა, დევიდ მოიესმა მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო მას მანამდე 10-ჯერ ჰქონდა მოგებული. 11 ტიტულით კი მოიესი ხოსეპ გუარდიოლას გაუთანაბრდა. მათ წინ მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონი (27) და არსენ ვენგერი (15) არიან.
მოიესმა „ევერტონი“ 11 იანვარს ჩაიბარა და მასთან ერთად გუნდმა ძალიან მოუმატა. თებერვალში მერსისაიდულმა გუნდმა ხუთი მატჩი გამართა, საიდანაც ორი მოიგო და სამჯერ ფრე ითამაშა. ამ მომენტისთვის „ევერტონი“ 33 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნთა ზონას 16 ქულითაა დაშორებული.
თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო „ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა მიიღო. ეს ტიტული მისთვის კარიერაში მეშვიდე იყო. ჰარი კეინთან და სერხიო აგუეროსთან ერთად ამ მხრივ ის რეკორდსმენი გახდა. ინგლისელიც და არგენტინელიც პრემიერლიგამ თვის საუკეთესოდ შვიდჯერ აღიარა.
მოჰამედ სალაჰი თებერვალში 10 გოლში პირდაპირ იყო ჩართული. მასთან ერთად „ლივერპული„ ახლოსაა, ინგლისის ჩემპიონატი ისტორიაში მეოცედ მოიგოს. მერსისაიდელები პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევარ „არსენალს“ 15 ქულით აღემატებიან.