ინგლისის პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი დაასახელა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი დაასახელა #1TVSPORT

მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა. ეგვიპტელი ფორვარდი ამ ტიტულს მეორედ დაეუფლა და პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე მოთამაშე გახდა, ვინც ეს შეძლო. მანამდე აღნიშნული ტიტული ორჯერ ტიერი ანრის, კრიშტიანუ რონალდუს, ნემანია ვიდიჩსა და კევინ დე ბრუინს ხვდათ წილად.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სალაჰს უნიკალური მიღწევის დაფიქსირება შეუძლია. თუ ჩემპიონატის ბოლო მატჩში პოზიციებს შეინარჩუნებს, ის გახდება პირველი ფეხბურთელი, ვინც ერთ სეზონში მოიგებს „ოქროს ბუცს“, საუკეთესო ასისტენტის ჯილდოსა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს.

ეგვიპტელმა მიმდინარე სეზონში 28 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ასევე ლიდერია საგოლე გადაცემებითაც – 18. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ორი გადაცემით ჩამორჩება ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის რეკორდს (20).

სულ კი ეგვიპტელმა 46 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ახალი რეკორდია 38-მატჩიან სეზონებში. სალაჰს მხოლოდ ერთი ქულა აშორებს ყველა დროის რეკორდის გამეორებამდე. ალან შირერმა 47 საგოლე მოქმედება 42-მატჩიან სეზონში დააფიქსირა.

32 წლის სალაჰი „ლივერპულის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში უკვე მესამე ადგილზეა 244 გოლით. რაც შეეხება პრემიერლიგას, სალაჰი მეხუთე ადგილზეა 185 გოლით და უკან ჩამოიტოვა სერხიო აგუერო, რომელიც აქამდე საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი იყო.

ეგვიპტელმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ქომაგებისა და ექსპერტების ხმების შეჯამებით მოიგო. რვა კანდიდატს შორის ის საუკეთესო აღმოჩნდა. სიაში მისი თანაგუნდელები ვირჯილ ვან დეიკი და რაიან გრავენბერხიც იყვნენ, ასევე, მორგან გიბს-უაითი, ალექსანდერ ისაკი, ბრაიან ბიმო, დეკლან რაისი და კრის ვუდი.

სალაჰმა, ასევე, შეწყვიტა „მანჩესტერ სიტის“ ხუთწლიანი ჰეგემონია. ბოლო ხუთ სეზონში ეს ტიტული მხოლოდ „სიტის“ ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ.