ინგლისის ნაკრებში მორიგი სკანდალია - სანჩომ, აბრაჰამმა და ჩილუელმა წვეულება მოაწყვეს
ინგლისის ნაკრებში გამოძახებული სამი ფეხბურთელი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. „დორტმუნდის“ გარემარბმა ჯეიდონ სანჩომ და „ჩელსის“ ფეხბურთელებმა ტამი აბრაჰამმა და ბენ ჩილუელმა ანტიკორონავირუსული პროტოკოლი დაარღვიეს. აბრაჰამი დაბადების დღეს აღნიშნავდა და საღამოზე პარტნიორები დაპატიჟა.
წვეულებას 20 ადამიანი ესწრებოდა იმ დროს, როცა ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი კრძალავს ექვსზე მეტი ადამიანის შეკრებას.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი განრისხდა, როცა მომხდარის შესახებ შეიტყო. შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის წინა შეკრებისას ნაკრებიდან სკანდალით გარიცხეს „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მეისონ გრინვუდი. ახალგაზრდა ფეხბურთელემა სასტუმროში გოგონები დაპატიჟეს, რითაც დაარღვიეს პანდემიის დროს მოქმედი წესები. მომხდარის შემდეგ, ფოდენი და გრინვუდი ინგლისის ნაკრებში აღარ გამოიძახეს.
სანჩომ, აბრაჰამმა და ჩილუელმა უკვე მოიხადეს საჯარო ბოდიში. ჯერჯერობით უცნობია, გარიცხავენ თუ არა მათ ნაკრებიდან.