ინგლისი - ახალი ზელანდია 19:7 | იაპონია 2019
ინგლისი - ახალი ზელანდია 19:7 | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ინგლისის ეროვნული გუნდი ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩმა, რა თქმა უნდა, უდიდესი ინტერესი გამოიწვია და რაგბის სამყაროს ორი გრანდის შერკინებას თვალს მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ადევნებდა.

ნახევარფინალური შეხვედრის დაწყებამდე, რაგბის მსოფლიო რეიტინგში ახალი ზელანდია პირველს, ინგლისი კი მეორე ადგილს იკავებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისისის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ახალი ზელანდია უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა.

ყველასთვის მოულოდნელად შეხვედრის პირველივე წუთები ინგლისის ნაკრების უპირატესობით დაიწყო. მეორე წუთზე ევროპელებმა ლელო დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიშით 7:0 დაწინაურდნენ.

მომდევნო პერიოდიც ინგლისელების მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა. 25-ე წუთზე ინგლისელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, რომელიც მსაჯებმა არ ჩათვალეს.

პირველი ნახევრის მიწურულს კი, ზუსტად მეორმოცე წუთზე ინგლისელებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი ამ უკანაკსნელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით – 10:0.

50-ე წუთზე ინგლისელებმა ჯარიმა გაიტანეს და ტაბლოზე ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფქისირდა – 13:0.

56-ე წუთზე ახალზელანდიელებმა ერთი ლელო გაქვითეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს – 13:7

62-ე ინგლისელებმა ჯარიმა ისევ ზუსტად შეასრულეს და 9 ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 16:7.

68-ე წუთზე ინგლისელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს – 19:7.

„ოლ ბლექსის“ მცდელობა თამაშში გარდატეხა შეეტანათ, კრახით დასრულდა და ინგლისის ეროვნული გუნდი ყველა კომპონენტში საუკეთესო იყო.

საბოლოო ანგარიში 19:7 დაფიქსირდა და ინგლისის ნაკრები ფინალში უელსი-სამხრეთ აფრიკის ნახევარფინალური მატჩის გამარჯვებულს შეხვდება, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ახალი ზელანდია კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა უელსსა და სამხრეთ აფრიკას შორის ხვალ, თბილისის დროით 12:50 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.