ინგლისელი სპეციალისტი პიტერ დრუიტი საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად დაინიშნა
ინგლისელი სპეციალისტი პიტერ დრუიტი საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად დაინიშნა

61 წლის სპეციალისტი ექსეთერში დაიბადა და რაგბის ცხოვრების უდიდესი ნაწილი დაუთმო. ის 9 ნომრის პოზიციაზე „ექსეთერსა“ და „ლონდონ უელსში“ თამაშობდა, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კი, მწვრთნელობას მიჰყო ხელი და სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა.

1978-1982 და 1988-1996 წლებში ის ექსეთერის უნივერსიტეტში და სარაგბო აკადემიაში, ფიზმომზადების ედუკატორად მუშაობდა, ლექციებს კითხულობდა და ახალგაზრდებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება შეიძინა.

პარალელურად, 1992-2006 წლებში პიტერი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და პრაქტიკულად, მის ხელში გაიარა ყველა იმ მორაგბემ, რომლებიც 2003 წელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასის მოპოვებაში დაეხმარნენ. ამ პერიოდში ის იყო ინგლისის რაგბის კავშირის განვითარებადი მორაგბეების მენეჯერი და კლაივ ვუდვორდთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა ავსტრალიაში წამსვლელი მორაგბეების შერჩევაში.

2006-2009 წლებში დრუიტი იყო „ექსეთერ ჩიფსის“ მთავარი მწვრთნელი. 2009 წლიდან, მან მოიპოვა უმაღლესი დონის მწვრთნელთა ედუკატორის ლიცენზია და დღემდე მუშაობს მწვრთნელთა გადამზადების ყველა დონეზე. პიტერის საქართველოში დასაქმებით, ქართველ მწვრთნელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ პირველი და მეორე დონის გარდა, ქვეყნიდან გაუსვლელად გაიარონ და მიიღონ საერთაშორისო მესამე  დონის ლიცენზიები.

2014 წლიდან დღემდე, პიტერი ჰონგკონგის რაგბის კავშირის კონსულტანტია. ამავდროულად, მან სამუშაოდ გადაინაცვლა უელსის რაგბის კავშირში და 2017 წელს, უელსის 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერის რანგში, ამავე წლის ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე საქართველოში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გაიცნო და მოიხიბლა საქართველოთი, რის შედეგედაც ჩვენს ქვეყანაში მუშაობაზე დათანხმდა.

პიტერ დრუიტი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა, მოივლის ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონს, ადგილზე გაეცნობა ყველა კლუბში, მათ შორის ბავშვთა რაგბში არსებულ სიტუაციას, რისი დიდი გამოცდილება აქვს და ქართველ სპეციალისტებთან ერთად ქართული რაგბის მომავალი განვითარებისთვის გრძელვადიან პროგრამას შეიმუშავებს.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი.