ინგლისელი ჟურნალისტი – „ტოტენჰემში“ მიიჩნევენ, რომ შეტევას მიქაუტაძე გააძლიერებს, მისით „ბარსელონაც“ დაინტერესდა #1TVSPORT

13:29, 08.08.2026

„ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ სამიზნეა, რომელიც ახალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერებას ცდილობს“, – ამის შესახებ გამოცემა Sportsview-ს ჟურნალისტი პოლ ო’კიფი წერს.

„გუნდის სხვა რგოლების გაძლიერების პარალელურად, „ტოტენჰემი“, მწვრთნელ რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირებში ახალი თავდამსხმელების დამატებას განიხილავს.

იდეალურ შემთხვევაში მწვრთნელს სურს გარემარბისა და კიდევ ერთი მრავალმხრივი ფორვარდის შეძენა, რომელსაც როგორც ცენტრში, ისე შეტევის სხვა პოზიციებზე მოქმედება შეეძლება. მიქაუტაძემ ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოთამაშის რეპუტაცია მოიპოვა. ის საჯარიმო მოედანში ძალიან სახიფათოა. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 13 გოლი გაიტანა და რეალიზაციის შთამბეჭდავი კოეფიციენტი აქვს – 22.6%. ინსტინქტების გარდა, თავდამსხმელს აქვს განსაკუთრებული სივრცითი აღქმა, სისწრაფე შეზღუდულ სივრცეებში და დაუღალავი შრომის უნარი. მისი ეს თვისებები „ტოტენჰემს“ შეტევის ბოლო მესამედში ძალიან დაეხმარება.

მიქაუტაძის კალიბრის თავდამსხმელის დამატება ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად სერიოზულ კონკურენციას შექმნის. ქართველს „ვილიარეალთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს, ამიტომ მისი ტრანსფერი ძვირი დაჯდება.

ლა ლიგის გიგანტი „ბარსელონა“ ასევე დაინტერესებულია ქართველის შეძენით, როგორც ხულიან ალვარესის ალტერნატივით, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტოტენჰემს“, შესაძლოა, სწრაფად მოუწიოს მოქმედება, თუ ამ ტრანსფერის განხორციელება სურს“, – წერს ო’კიფი.

მსგავსი