ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, სწავლის გადადება საჭირო გახდება ერთი კვირით ექვს და ორი კვირით სამ სკოლაში
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, სწავლის გადადება საჭირო გახდება ერთი კვირით ექვს და ორი კვირით სამ სკოლაში

საქართველოს რეგიონებში 640-ზე მეტ საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურა ექნებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტებმა სკოლებში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება წელს პირველად უზრუნველყვეს. პრიორიტეტული სკოლებისა და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განისაზღვრა. „საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით“ პირველი რიგის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას კი, 40 მილიონი ლარი მოხმარდა.

მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, იმ სკოლებიდან, რომლებშიც ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები, სწავლის პროცესის გადადება საჭირო გახდება მხოლოდ ერთი კვირით ექვს სკოლაში და ორი კვირით – სამ სკოლაში“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ზაფხულის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, სხვადასხვა პროფილის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: მოწესრიგდა სველი წერტილები, გათბობის სისტემები, შეიღება საკლასო ოთახები და შენობების ფასადები, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები, ეზოები და სხვა.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიც ახორციელებს. ასევე წლის დასაწყისიდან მუნიციპალიტეტები ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს იწყება. ამასთან, განათლების სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ 20-მდე სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღმა გადაიწიოს.