ინფლაციისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციები იტალიაში, ბელგიასა და პორტუგალიაში
მილანში, პიაცა დუომოზე, მოძრაობა Italia in Piazza-ს მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქციის დროს, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, პარალელურად კი მუყაოსა და ნაგვისგან აგებული ბარიკადი იწვის / ფოტოს ავტორი: პიერო კრუჩატი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
სანამ საფრანგეთი „იწვის“, საპროტესტო ტალღა ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. ათასობით ადამიანი, იტალიიდან ბელგიასა და პორტუგალიამდე, ქუჩაში გამოვიდა ცხოვრების გაძვირებისა და საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად. თუმცა, მალევე მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა და… მილანის, ბოლონიისა და ბრიუსელის ცენტრალურ ქუჩებში ქაოსი გამეფდა.
მილანის ცენტრი ბრძოლის ველად იქცა, რომელსაც ფონად ცნობილი დუომოს ტაძარი გასდევდა. კაპიუშონმოცმული პირები პოლიციას დაუპირისპირდნენ და ქვები და ფეიერვერკები დაუშინეს, რაზედაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს.
დემონსტრანტები ინფლაციის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და სკანდირებდნენ: „გვინდა ვიცხოვროთ და არა, უბრალოდ, ვიარსებოთ“. თუმცა, კასტელოს მოედანზე ვითარება კონტროლიდან გამოვიდა და მომხდარმა ინციდენტებმა საპროტესტო აქციის მთავარი მიზანი გადაფარა.
„კასტელოს მოედანზე ვითარება უკონტროლო გახდა… არ მგონია, რომ ეს ჯგუფი საპროტესტო აქციის მონაწილე იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ქალმა.
ინციდენტების დროს მოქალაქეთა დაშავების, დაკავებებისა და მათი ქონების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა.
ინციდენტები ბოლონიაში
ბოლონიაში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, არეულობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ნაგვის ურნები დაუშინეს და ქუჩებში ცეცხლი დაანთეს. პოლიციის ძალები მათ დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადნენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, საკუთარი პოზიცია გამოხატა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. „პროტესტი უფლებაა. ცეცხლის წაკიდება და ჩვენი ქალაქების განადგურება – არა“, – დაწერა მან.
დაძაბულობა ბრისელში
ინციდენტები ბრიუსელშიც მოხდა, სადაც ასობით ახალგაზრდა შეიკრიბა და ანტიფაშისტურ სლოგანებს სკანდირებდა. პროტესტი აქაც არეულობაში გადაიზარდა; ბრბოს დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რასაც პროტესტის მონაწილეთა დაშავება და დაკავება მოჰყვა.
ათასობით მოქალაქე ლისაბონის ქუჩებში
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ათასობით ადამიანმა მშვიდობიანი დემონსტრაცია გამართა. მათ ხელში გასაღებები ეჭირათ, რაც საბინაო კრიზისის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლო იყო.

დემონსტრანტებმა ყურადღება ცხოვრების გაძვირებაზეც გაამახვილეს და ხელფასებისა და პენსიების გაზრდა მოითხოვეს. „ცხოვრება წარმოუდგენლად ძვირია. ფასები კვლავ აუტანლად იზრდება“, – აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.
ამავდროულად, ასობით მოქალაქე პორტუგალიის დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ კარვებში რჩება და საბინაო კრიზისის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციას აგრძელებს.