ინფექციონისტი მეგი კობახიძე - მოიმატა დადასტურებული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციამ, ბოჭორიშვილის კლინიკის სტაციონარში ფაქტობრივად ადგილები არ არის
შემთხვევათა რაოდენობა ისე თუ მოიმატებს, როგორც შემოდგომასა და ზამთარში იყო, ჰოსპიტალიზაციასა თუ სამედიცინო დახმარებაზე პაციენტებისთვის უარის თქმა მოგვიწევს, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა, მეგი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაცია.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკის სტაციონარი საკმაოდ დატვირთულია.
„ქვეყანაში შემთხვევათა ზრდა ჩვენს კლინიკაზეც აისახება, მოიმატა დადასტურებული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციამ. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სტაციონარი საკმაოდ დატვირთულია. ამ ეტაპზე ფაქტობრივად თავისუფალი ადგილები არ არის. თუ მოხდება რომელიმე პაციენტის გაწერა, ძალიან სწრაფადვე ხდება იმ ადგილის დაკავება. ესაა იმ ზოგადი ეპიდსიტუაციის გამოძახილი, რომელიც ქვეყანაშია.
დღის განმავლობაში დაახლოებით 90, 100, 120 ინფიცირებული შემოჰყავთ ჩვენს კლინიკაში. მდგომარეობა მძიმეა, არიან კრიტიკული პაციენტებიც, რომლებიც მკურნალობას კრიტიკულ დეპარტამენტში გადიან. მათ აუცილებლად სჭირდებათ სტაციონარში მართვა, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობა, ოქსიგენოთერაპია, რასაც ზოგადად კოვიდის მკურნალობა მოიცავს“, – განაცხადა მეგი კობახიძემ.
მისივე თქმით, რეგულაციების მოხსნაზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70 პროცენტი აიცრება.
„რეგულაციები, რაც აქამდე იყო შემუშავებული, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ვირუსი ჩვენს ცხოვრებაშია. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კარგად წარმართვის შემთხვევაში, 60-70 პროცენტი მაინც უნდა აიცრას, შედგება იმუნური ფონი და შემდგომ უნდა ვიფიქროთ რეგულაციების შემსუბუქებაზე. სანამ მოსახლეობის ვაქცინაცია სრულად არ მოხდება, პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და პირადი ჰიგიენის დაცვა ჯერ კიდევ უმნიშვნელოვანეს ეტაპად რჩება.
რაოდენობა ისე თუ მოიმატებს, როგორც შემოდგომასა და ზამთარში იყო, ჰოსპიტალიზაციასა თუ სამედიცინო დახმარებაზე პაციენტებისთვის უარის თქმა მოგვიწევს“, – განაცხადა მეგი კობახიძემ.