ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინციდენტი აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგიში საფეხბურთო კლუბებს არემასა და პერსებაიას შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა.
როგორც მედია წერს, მატჩის დასრულების შემდგომ კლუბების გულშემატკივრები საფეხბურთო მოედანზე შეიჭრნენ და არეულობის მოწყობა სცადეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რასაც სტადიონის გასასვლელებში ჭყლეტა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივართა ნაწილს სუნთქვის პრობლემებიც შეექმნა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 129 და დაშავებულია 180 ადამიანი.
ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ ქვეყანაში ყველა საფეხბურთო მატჩის გადადების და გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.