ინდოეთში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

შეტაკებების შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი და აქციის ექვსი მონაწილე დაიღუპა. ტელეკომპანია „ენდიტივის“ ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ნიუ-დელის რამდენიმე უბანში სამხედრო პოლიცია პატრულირებს.

25 თებერვლის დილიდან არ მუშაობს რამდენიმე მეტროსადგურიც. ახალგაზრდების რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა რამდენიმე ავტომობილი, მაღაზია და შენობა დაწვეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ინდოეთში საპროტესტო აქცია მოქალაქეობის კანონის ახალმა რედაქციამ გამოწვია. ინდოეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის ახალი ვერსია, რომელიც უკვე მოქმედებს, ითვალისწინებს ინდოეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მიცემას სამხრეთ აზიის ქვეყნების – პაკისტანის, ავღანეთისა და ბანგლადეშის არამუსლიმი მოსახლეობისთვის, თუ მათ სამშობლოში შევიწროება ემუქრებათ.

კანონი არ მოსწონთ ინდოელ მუსლიმებს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის ახალი რედაქცია არღვევს კონსტიტუციას, რომელიც რელიგიური კუთვნილების მიუხედავად თანასწორუფლებიანობას ითვალისწინებს.