ინდოეთში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს
ინდოეთში, სადაც „კოვიდ-19“-ის შედეგად დაწესებული შემზღუდველი ზომების მოხსნა უკვე დაიწყო, ათასობით იმიგრანტი, რომლებიც საკუთარ შტატში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, გუჯარათის ქალაქ სურატში შეიკრიბა და პოლიციას ქვები დაუშინა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სურატში მსგავსი საპროტესტო აქცია რამდენჯერმე ჩატარდა. სურატში დასაქმებული იმიგრანტები გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამ შეზღუდვების გამო ინდოეთში 140 მილიონამდე იმიგრანტი ვერ ახერხებს საკუთარ შტატში დაბრუნებას.
მას შემდეგ, რაც გარეთ გამოსულმა მოსახლეობამ პოლიციის მოწოდების მიუხედავად მაინც გააგრძელა საპროტესტო აქცია, პოლიციამ მათი დაშლა ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით სცადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 80-მდე ადამიანი დააკავა, სხვა მონაწილეების ძებნა კი გრძელდება.
ინდოეთში, სადაც 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, „კოვიდ-19“-ის 42,800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 1300 ადამიანი გარდაიცვალა.