„ინდეფენდენტის“ ჟურნალისტი ჯონ ლიჩფილდი - ფრანგი მოზარდების ნაწილი პოლიციას მეტოქედ აღიქვამს და სამართლიანობის აღდგენად შურისძიებას მიიჩნევს, მემარცხენეების ნაწილმა წააქეზა კიდეც არეულობები 
„ინდეფენდენტის“ ჟურნალისტი ჯონ ლიჩფილდი - ფრანგი მოზარდების ნაწილი პოლიციას მეტოქედ აღიქვამს და სამართლიანობის აღდგენად შურისძიებას მიიჩნევს, მემარცხენეების ნაწილმა წააქეზა კიდეც არეულობები 

ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენტის“ჟურნალისტმა, ჯონ ლიჩფილდმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში საფრანგეთში 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო დაწყებული არეულობების მიზეზებზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა პარალელი გაავლო საფრანგეთში 2005 წელს მომხდარ არეულობებსა და გასულ კვირაში განვითარებულ მოვლენებს შორის. მისი მოსაზრებით, საფრანგეთის საზოგადოება პოლიტიკურად ახლა უფრო გაყოფილია ვიდრე, 18 წლის წინ იყო.

„2005 წელს საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა მეტად იყო დაყოფილი ცენტრისტ-მემარცხენეებად და ცენტრისტ-მემარჯვენეებად. მაშინ მთელმა პოლიტიკურმა კლასმა დაგმო არეულობა და მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალისხმევას, გაეკონტროლებინა ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ქმედებების ზოგიერთი ასპექტი მათთვის მიუღებელი იყო. ახლა ვხედავთ, რომ საფრანგეთი დაყოფილია სამ ნაწილად – რადიკალ მემარცხენეებად, ულტრამემარჯვენეებად და კონსენსუსზე ორიენტირებულ პროევროპულ ცენტრისტ რეფორმისტებად, რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი მაკრონი.

თავად რადიკალი მემარცხენეებიც კი დაყოფილი არიან. ზოგიერთი მათგანი განრისხდა, როდესაც მემარცხენე პოლიტიკოსების ნაწილმა ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოუცხადა არეულობის მონაწილეებს, დაიცვა ისინი და ზოგიერთ შემთხვევაში წააქეზა კიდევაც. მემარცხენეთა მეორე ნაწილმა თქვა, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ სერვისებზე თავდასხმა მიუღებელია და რაც უნდა სამართლიანი იყოს ამ მოზარდების წუხილი, მათი მიდგომის მხარდაჭერა დაუშვებელია. მაგალითისთვის, ჟან-ლუკ მელანშონი, რომელიც რადიკალი მემარცხენეების ლიდერია საფრანგეთში, ძალიან ახლოს იყო არეულობების მონაწილეთა მხარდაჭერასთან. რაც შეეხება მემარჯვენეებს (არ ვსაუბრობ მხოლოდ ულტრამემარჯვენეებზე, არამედ ვგულისხმობ მემარჯვენეების კონსერვატიულ ნაწილსაც), მათ საერთოდ უარი თქვეს, ეღიარებინათ, რომ პრობლემის ნაწილი არის პოლიციის მხრიდან ძალადობა და სამართალდამცავ სტრუქტურებზე კონტროლის არარსებობა, რაც მრავალი წელია, გრძელდება. მემარჯვენეებმა საფრანგეთში მცხოვრებ უცხოელებს დასდეს ბრალი, ასევე გაკიცხეს მშობლები, რომლებიც შვილებს სათანადოდ ვერ აკონტროლებენ. ასევე, ნაწილობრივ დაადანაშაულეს სახელმწიფო, რადგანაც წლების განმავლობაში მთავრობებმა ვერ მოახერხეს რესპუბლიკის ღირებულებების გავრცელება ღარიბ გარეუბნებში. ცხადია, შეიძლება, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, მაგრამ თვალის დახუჭვა ამ მოზარდების ლეგიტიმურ წუხილზე ასევე არასწორია. რომ შევაჯამოთ, არსებობს ზემოაღნიშნული ორი მოსაზრება და მხარეები განსხვავებულ რეალობაში არიან, მთავრობა კი ცდილობს, ამ ორ ხაზს შორის ბალანსირებას.

პრეზიდენტ მაკრონს ჯერ არ უთქვამს, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს. მან დადო პირობა, რომ მსგავსი არეულობები პრევენციისთვის კონკრეტულ წინადადებებს წარადგნეს, მაგრამ მან აღნიშნა, რომ სჭირდება დრო.  შესაძლოა, მან განცხადება მომდევნო დღეებში გააკეთოს ან უფრო მოგვიანებითაც. მთავარი საფრთხე არის პოლიტიკურად დაყოფილი ფრანგული საზოგადოება და ეს დაყოფა გაძლიერდება. ამან შესაძლოა, გაზარდოს რადიკალიზმი როგორც მემარცხენეთა, ისე მემარჯვენეებს შორის. ასეთი რადიკალური და ერთმანეთთან შეუთავსებელი მოსაზრებები კი ართულებს ვითარებას“, – აცხადებს ჟურნალისტი.

ინტერვიუში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ არეულობების ინტენსივობას ხელი შეუწყო სოციალურმა ქსელებმაც.

„ასეთ არეულობას ერთი კონკრეტული მიზეზი არასდროს აქვს. დიახ, ერთ-ერთი მიზეზი იყო ახალგაზრდა კაცის მკვლელობა, თუმცა აქვე დავამატებ, პროტესტის ინტენსივობა გაზარდა იმ ფაქტმა, რომ ეს მკვლელობა ბევრმა ნახა საკუთარი თვალით, სოციალური ქსელების გამოყენებით. ეს კადრები ყველ მოქალაქის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. ეს კადრები ნახეს გარეუბნებში მცხოვრებმა მოზარდებმა, მათ ნახეს, რა მოხდა სინამდვილეში და გააცნობიერეს, რომ თავდაპირველად პოლიცია იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, თითქოს მოკლული მოზარდი თავს დაესხა პოლიციას და მანქანით დაეჯახა მათ. თუ გადავხედავთ წარსულში მომხდარ მსგავს არეულობებს, რომლებიც საფრანგეთის რასობრივად მრავალფეროვან გარეუბნებში აგორდა, დავინახავთ, რომ მსგავსი რამ ყოველ 10-15 წელიწადში ერთხელ ხდება. მნიშვნელოვანია ერთი რამ – როგორც მოკლული მოზარდი, რომელიც 17 წლის იყო, ასევე ამ არეულობებში მონაწილეთა უმრავლესობის ასაკი არ აღემატებოდა17 წელს. ეს ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდები 2000-იან წლებში მომხდარი არეულობების დროს დაბადებულიც არ იყვნენ. ისინი წარმოადგენენ ახალ თაობას იმ მოზარდებისა, რომლებიც ფრანგული საზოგადოებისგან გარიყულად გაიზარდნენ, ხშირად იყვნენ ჩართული კრიმინალურ ქმედებებში. ცხადია, უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, პოლიციამაც გადაამეტა ძალას და ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს ძალიან ცუდი დამოკიდებულება, რომელიც არსებობს გარეუბნებში მცხოვრებ მოზარდებსა და პოლიციელებს შორის.  შავკანიანი თუ ხარ, პოლიცია აუცილებლად გაგაჩერებს, რაც შეიძლება, არ მოხდეს, თუ თეთრკანიანი ხარ. თუმცა, მთავარი, რაც მინდა, აღვნიშნო, არის ის, რომ ამ არეულობებში საფრანგეთის ქალაქების გარეუბნებში მცხოვრები მოზარდების მხოლოდ მცირე ნაწილი მონაწილეობდა. მაგალითისთვის რომ გითხრათ, მაშინ როდესაც 200 მოზარდი აწყობდა არეულობას, 2000 მათი თანატოლი სახლში იყო. ყველა ეს მოზარდი გარეუბანში ცხოვრობს, ყველას აქვს ერთნაირი პრობლემები, მაგრამ ყველა არ იყო ჩართული არეულობაში. ამიტომ არ იქნება მართალი იმის თქმა, რომ გარეუბნებში მცხოვრები ყველა მოზარდი არის გარიყული და არ ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ ფრანგულ საზოგადოებაში. ზოგიერთი მათგანი წარმატებით ახერხებს ამას. სახეზეა შერეული სურათი – არსებობს გარიყულობის შეგრძნება, პოლიციის მხრიდან შერჩევითი მიდგომა და ასევე კრიმინალური აზროვნება. ეს მოზარდები პოლიციას აღიქვამენ მეტოქე დაჯგუფებად. ასე რომ, როდესაც ერთ-ერთ მოზარდს კლავენ, მაშინ ისინი ითხოვენ სამართალს, რაც, მათი აღქმით, არის შურისძიება“, – განაცხადა ლიჩფილდმა.

ლიჩფილდის თქმით, მომხდარი არეულობების ფონზე, საფრანგეთში უკვე ითხოვენ საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, რაც მთავრობისთვის გამოწვევა იქნება.

„მემარჯვენე პოლიტიკოსები ყველაფრის მიზეზად მიგრაციას ასახელებენ, მაგრამ  თუ შევხედავთ არეულობებში მონაწილე მოზარდებს, რომლებიც დააპატიმრეს, რაც, სავარაუდოდ, გამოხატავს გარეუბნებში არსებულ დემოგრაფიულ სურათს, მაშინ დავინახავთ, რომ ამ მოზარდების 99 პროცენტი არის დაბადებული საფრანგეთში და არიან საფრანგეთში დაბადებული მიგრანტების შვილები ან შვილიშვილები. იმის არდანახვა, რომ ეს მოზარდები არიან ფრანგები, პრობლემის შემადგენელი ნაწილია. ეს აძლიერებს მემარჯვენეთა შეხედულებებს, ეჭვებისა და შიშის სპირალს აფართოებს. მემარჯვენეები უკვე ამბობენ, რომ აუცილებელია მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება, თუმცა, ჩემი აზრით, ამას აზრი არ აქვს, რადგან არეულობებზე პასუხისმგებლობა საფრანგეთში ახალ ჩამოსულ მიგრანტებს არ ეკისრებათ. ეს არეულობები საფრანგეთში დაბადებულმა მოზარდებმა მოაწყვეს, რომლებსაც აქვთ შეგრძნება, რომ მათ არ აქვთ თანატოლების მსგავსი შესაძლებლობები. თუმცა, როგორც ვთქვი, ისინი წარმოადგენენ ამ მოზარდების უმცირესობას, რადგან ბევრ მათ თანატოლს მიაჩნია, რომ მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა საფრანგეთში. ასე რომ, სურათი შერეულია. იქონიებს თუ არა ეს მოვლენები გავლენას საიმიგრაციო პოლიტიკაზე? მთავრობისთვის უფრო რთული იქნება ახალი კანონის პარლამენტში დამტკიცება. ეს კანონი, ერთი მხრივ, ითვალისწინებს მიდგომის გამკაცრებას იმ პირების მიმართ, ვინც არალეგალურად ჩამოდის საფრანგეთში, თუმცა ამავე დროს კანონში წერია, რომ იმ პირებს, ვინც უკვე იმყოფება საფრანგეთში არალეგალურად, უნდა შეეძლოთ დასაქმება. კანონის ეს მეორე ნაწილი მემარჯვენეთა განრისხებას იწვევს. მათ არ სურთ, რომ არალეგალ მიგრანტებს მუშაობის უფლება კანონით ჰქონდეთ, რაც, მათი მოსაზრებით, წააქეზებს სხვებს, რომ ისინიც ჩამოვიდნენ საფრანგეთში. ასე რომ, მთავრობას ძალიან გაუჭირდება. ხელისუფლებისგან უკვე ითხოვენ კანონპროექტის გამკაცრებას. დიახ, საფრანგეთში განვითარებული მოვლენები აისახება საიმიგრაციო პოლიტიკაზე მიმდინარე დებატებზე, თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის ის საკითხი, რაც უშუალოდ დგას არეულობების უკან“, – განაცხადა ლიჩფილდმა.

ბრიტანული გამოცემის, „ინდეფენდენტის“ ჟურნალისტთან, ჯონ ლიჩფილდთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.