ინციდენტი ამოწურულია - ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელმა „ტორპედოს“ ფანებს ბოდიში მოუხადა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ღუდუშაურმა ვიდეო ჩაწერა, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებს და ფანკლუბს, „ჯუნგლებს“ მიმართა და ბოდიში მოუხადა.
საქმე ისაა, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ბათუმის „დინამომ“ ქუთაისში „ტორპედო“ 3:0 დაამარცხა. ბოლო გოლი ღუდუშაურმა გაიტანა და მასპინძელთა ფანკლუბის ტრიბუნასთან აღნიშნა. ამან ქუთაისელი ქომაგები გააღიზიანა, რის გამოც თამაში ცოტა ხნით შეჩერდა.
„მინდა, მივმართო ქუთაისის გუნდის გულშემატკივარს და ფანკლუბს, რომ გოლის შემდეგ მათ სექტორთან განზრახ არ მივსულვარ, ეს, უბრალოდ, გოლის აღნიშვნა იყო. მათ თუ რამე ეწყინათ, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ გოლის აღნიშვნა იყო“, – ამბობს პაატა ღუდუშუარი.
როგორც ჩანს, ბათუმელთა თავდამსხმელის ბოდიში ქუთაისელმა გულშემატკივრებმა მიიღეს, რაც „ტორპედოს“ ფანკლუბის, „ჯუნგლების“ განცხადებიდან ჩანს.
„არცერთი გუნდის გულშემატკივარს არ მოეწონება, როცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი გოლს მათ ტრიბუნასთან აღნიშნავს, თან მაშინ, როცა გუნდი 0:3 აგებს. გაღიზიანებული გულშემატკივარი კიდევ არ უნდა გააღიზიანო და გამოიწვიო. 0:2 ვაგებდით და ჩვეულებრივ ვქომაგობდით გუნდს, არავის მიმართ აგრესია არ გამოგვიხატავს, სანამ ღუდუშაურმა თავად არ გამოგვიწვია. ბოლოს თავადაც მიხვდა, რომ არ მოიქცა სწორად, ამიტომაც მოიხადა ბოდიში. მსგავს საქციელზე ტაშს არავის დავუკრავთ და ეს კარგად უნდა იცოდეს აქ ჩამოსულმა ყველა სტუმარმა“, – წერია „ჯუნგლების“ განცხადებაში.