იმერეთის სატყეო სამსახურმა ხონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორციელდებოდა.
„სამართალდამრღვევები 5 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდნენ.
ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილია ხონის საქმიან ეზოში.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.