„იმედია, მატჩის კომენტატორები მსგავსი განცხადებებისგან თავს შეიკავებენ“ - გორის „დილა“ უკმაყოფილოა
გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის მიწურულს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი გორის „დილას“ ფეხბურთელის, ლუკა რაზმაძის მოედნიდან გაძევებამ გამოიწვია. გულშემატკივრების ნაწილმა სტადიონზე სკამები დააზიანა.
სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტიც იმსჯელებს. მაგრამ ინციდენტი მხოლოდ ამით არ ამოწურულა.
გორის „დილას“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კლუბი უკმაყოფილი მატჩის კომენტატორის რეპლიკებით – შეგახსენებთ, რომ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდა.
„გორის „დილა“ მიიჩნევს, რომ „დილა“ – „დინამოს“ მატჩის კომენტატორის მიერ დისკრედიტირებული იქნა „დილას“ ფეხბურთელი მიკოლა კოვტალუკი და შელახულ იქნა მისი იმიჯი. კომენტატორის ფრაზა ფეხბურთელის მიმართ – „ვერ შეაგნებინა მარტივი ჭეშმარიტება“, შეურაცხმყოფელია იმის გათვალისწინებით, რაც თავადვე აღნიშნა – რომ ეპიზოდი კარგად ვერ დაინახა. იმედს ვიტოვებთ, რომ მატჩის მიმართ დიდი ინტერესიდან და მრავალრიცხოვანი აუდიტორიიდან გამომდინარე, შემდგომში კომენტატორები მსგავსი განცხადებებისგან თავს შეიკავებენ და პირდაპირ რეპორტაჟს მიუკერძოებლად წაიყვანენ“, – წერია „დილას“ განცხადებაში.