„იმედია, მატჩის კომენტატორები მსგავსი განცხადებებისგან თავს შეიკავებენ“ – გორის „დილა“ უკმაყოფილოა

01:16, 04.05.2018

გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის მიწურულს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი გორის „დილას“ ფეხბურთელის, ლუკა რაზმაძის მოედნიდან გაძევებამ გამოიწვია. გულშემატკივრების ნაწილმა სტადიონზე სკამები დააზიანა.

სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტიც იმსჯელებს. მაგრამ ინციდენტი მხოლოდ ამით არ ამოწურულა.

გორის „დილას“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კლუბი უკმაყოფილი მატჩის კომენტატორის რეპლიკებით – შეგახსენებთ, რომ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდა.

„გორის „დილა“ მიიჩნევს, რომ „დილა“ – „დინამოს“ მატჩის კომენტატორის მიერ დისკრედიტირებული იქნა „დილას“ ფეხბურთელი მიკოლა კოვტალუკი და შელახულ იქნა მისი იმიჯი. კომენტატორის ფრაზა ფეხბურთელის მიმართ – „ვერ შეაგნებინა მარტივი ჭეშმარიტება“, შეურაცხმყოფელია იმის გათვალისწინებით, რაც თავადვე აღნიშნა – რომ ეპიზოდი კარგად ვერ დაინახა. იმედს ვიტოვებთ, რომ მატჩის მიმართ დიდი ინტერესიდან და მრავალრიცხოვანი აუდიტორიიდან გამომდინარე, შემდგომში კომენტატორები მსგავსი განცხადებებისგან თავს შეიკავებენ და პირდაპირ რეპორტაჟს მიუკერძოებლად წაიყვანენ“, – წერია „დილას“ განცხადებაში.

მსგავსი