იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წინ მეორე თამაშია - „სლოვანის“ მცველმა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი შეაფასა #1TVSPORT
„სლოვანის“ მცველმა იური მედვედევმა ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შეაფასა და არ დამალა, რომ შედეგით იმედგაცრუებული დარჩა.
„იმედგაცრუებულები ვართ. თამაშის ნახევარზე მეტი რიცხობრივ უმრავლესობაში ვიყავით, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. 0:0 ძალიან ცუდია, სხვა შედეგი გვინდოდა. ეს ფრე ჩვენთვის დიდი სირცხვილია, მაგრამ ჯერ არაფერია დაკარგული. წინ მეორე თამაშია და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა“, – ამბობს იური მედვედევი.
„სლოვანის“ მცველმა გამოუყენებელი საგოლე შანსებიც ახსენა:
„გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, შემეძლო გატანა, ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ არც კი ვიცი, მეკარემ ბურთი როგორ მოიგერია“.
მედვედევმა განმეორებით შეხვედრაში გუნდების შანსებიც შეაფასა:
„ეს თამაში უნდა გავაანალიზოთ. ამ შედეგს მაყურებლის გამოც ვნანობთ, კლუბში ასეთი თამაშით კმაყოფილი არავინ იქნება. იმედი მაქვს, გულშემატკივრებს ბათუმის მატჩის შემდეგ დავამშვიდებთ“.
იური მედვედევი ყაზახეთში დაბადებული და ჩეხეთში გაზრდილი ფეხბურთელია, ბრატისლავის „სლოვანის“ მცველს უთამაშია სლოვაკეთის ნაკრებში, მაგრამ მომავალში ყაზახეთის ეროვნულ გუნდში თამაშს აპირებს.