იმედად მხოლოდ ბათუმის „დინამო“ დაგვრჩა - საქართველო უეფა-ს ლაივრეიტინგში ფარერებს ჩამორჩა #1TVSPORT
იმედად მხოლოდ ბათუმის „დინამო“ დაგვრჩა - საქართველო უეფა-ს ლაივრეიტინგში ფარერებს ჩამორჩა #1TVSPORT

საქართველო უეფა-ს საკლუბო ლაივრეიტინგში 46-ე ადგილზე დაქვეითდა და ფარერებმა გაგვასწრო. ასეთი სამწუხარო შედეგი დაფიქსირდა მიმდინარე ევროსეზონში, რაზეც ცნობილი ვებგვერდის მაჩვენებლები მეტყველებს. 

უეფა-ს რეიტინგში ევროტურნირზე მოგებაზე 0,250 ქულა იწერება, ფრეზე – 0,125 ქულა. ყველაზე მეტი ქულა ბათუმის „დინამომ“ მოგვიტანა – 0,750 ქულა, გორის „დილამ“ – 0,250 ქულა, ხოლო „გაგრამ“ – 0,125 ქულა. ერთადერთი „დინამო თბილისია“, რომელმაც ქულაც ვერ მოიპოვა.

საქართველოს ოთხი წარმომადგენლიდან სამი გათამაშებას გამოეთიშა, გუნდებმა ბოლო ოთხ წელიწადში უეფა-ს საკლუბო რეიტინგში ყველაზე ცოტა ქულა მიმდინარე ევროსეზონში დააგროვეს, ჯამში 1.125 ქულა, ჯამურად ბოლო ხუთ წელში 6.875 ქულა და ლაივრეიტინგში 46-ე ადგილზე დავქვეითდით.

ეს იმ დროს, როდესაც 48-ათასიანი ფარერების კუნძულების გუნდებმა 1.166 ქულა მოიპოვეს და ბოლო ხუთწლიანი მონაცემების ჯამური შეფასებით 6.916 ქულით გადაგვასწრეს.

ქულების გაზრდის იმედს ახლა მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ ვუკავშირებთ, რომელიც კონფერენს ლიგაზე გამოსვლას აგრძელებს და მესამე ეტაპზე თურქულ „სივასპორს“ შეხვდება.