ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრანტების შემცირებას გეგმავენ
ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრანტების შემცირებას გეგმავენ

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელები ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრანტების შემცირებას გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია მასკისა და რამასვამის საავტორო სტატიაში, რომელიც „უოლ სთრით ჯორნალში“ გამოქვეყნდა.

„ჩვენი ქვეყანა დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ ხალხის მიერ არჩეული პირები მართავენ მთავრობას, თუმცა დღეს ამერიკა სხვაგვარად ფუნქციონირებს. კანონთა უმეტესობა არ არის კონგრესის მიერ მიღებული, არამედ წარმოადგენს „წესებსა და რეგულაციებს“, რომლებსაც ქმნიან არარჩეული ბიუროკრატები – ათასობით ყოველწლიურად. ეს არის ანტიდემოკრატიული მიდგომა, რაც არ შეესაბამება დამაარსებლების თვალსაზრისს. ეს გადასახადების გადამხდელებს აკისრებს მნიშვნელოვან პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს. ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა ამ პრობლემის გადასაჭრელად. 5 ნოემბერს ამომრჩევლებმა დამაჯერებლად აირჩიეს დონალდ ტრამპი ძირეული ცვლილებების მანდატით და ისინი იმსახურებენ ცვლილებების მიღებას“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში მასკმა და რამასვამიმ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებენ და შეამცირებენ ხარჯებს. საუბარია, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციისთვის გამოყოფილ 535 მილიონ დოლარზე, 1.5 მილიარდი დოლარის გრანტებზე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, თითქმის 300 მილიონი დოლარის გრანტებზე პროგრესული ჯგუფებისთვის.

ამასთან, სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „ფესვგადგმული და მუდმივად მზარდი“ ბიუროკრატია წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ამერიკისთვის.

„ჩვენ ვართ მეწარმეები და არა – პოლიტიკოსები. ჩვენ ვიმუშავებთ, როგორც მოხალისეები და არა – ფედერალური ოფიციალური პირები ან თანამშრომლები. სამთავრობო კომისიებისგან ან საკონსულტაციო კომიტეტებისგან განსხვავებით, ჩვენ უბრალოდ არ დავწერთ მოხსენებებს. ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს“, – აცხადებენ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი.