ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.
თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს.
გაფართოებულ სიაში არ არის ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი არიან ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი, თად მაკფადენი, ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან, თუმცა შეკრებაზე არ იქნებიან ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე საბა გიგიბერია და ალექსი მერკვილაძე – თბილისში ჩამოსულმა გიგიბერიამ ტრავმა მიიღო, ხოლო მერკვილაძეს თავისი კოლეჯი არ აძლევს უფლებას, სავარჯიშოდ ეროვნულ ნაკრებში გამოცხადდეს.
5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე გაიმართება, რომლებსაც, ძირითადად, სასელექციო სახე ექნება და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად დაესწრებიან.
საქართველოს ნაკრების გენერალური შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს მოსამზადებელი გეგმა, რომელიც 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტვუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს.
12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგმატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.
17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.
gbf.ge