ილიას ზუროსი - უკმაყოფილო ვარ დაცვით, მეტოქემ ბევრი ბურთი მოგვიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი კეჩკემეტში უნგრეთს დაუპირისპირდა და 88:89 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დადებით და უარყოფით მომენტზე:
„უნგრეთში იყო კარგი მომენტი – გიორგი ცინცაძემ დაახლოებით 23 წუთი ითამაშა. ტრავმის შემდეგ იგი ნაკრებს დაუბრუნდა და ფორმასაც იბრუნებს. ცუდად ვითამაშეთ დაცვაში, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. ბევრი მოხსნა დავთმეთ, ერთი-ერთზე დაცვითაც უკმაყოფილო ვარ. თუმცა ევრობასკეტამდე დრო გვაქვს და პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცინცაძისთვის ეს იყო საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 188-ე მატჩი.
დუდა სანაძემ უნგრეთში 16 ქულა ჩააგდო:
„ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი იყო დაგვენახა ჩვენი მინუსები. დავინახეთ კიდეც და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ოფიციალურ მატჩებამდე გამოვასწოროთ“.
მანუჩარ მარკოიშვილი (ილიას ზუროსის ასისტენტი):
„პირველი მატჩი იყო საზაფხულო შესვენების შემდეგ და ამის კვალობაზე უკმაყოფილოები არ ვართ. მთავარი იყო დაგევნახა ჩვენი პრობლემები. ამ მატჩმა ნათლად დაგვანახა და ვიცით რა გზით ვიაროთ მაღალ მიზნებს რომ მივაღწიოთ.“