ილიას ზუროსი - საქართველოში ხალხს უყვარს კალათბურთი, იტალიასთან სავსე დარბაზს ველით #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი იტალიას უმასპინძლებს, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ფინალურ ეტაპზე ექვსგუნდიანი ჯგუფიდან საუკეთესო სამი გუნდი გადის. პირველია ესპანეთი, მეორე – იტალია, მესამე – საქართველო. თუ სატურნირო ცხრილს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საბოლოოდ სამეულში მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს ჯერაც დიდი ბრძოლა ელის.
უახლოესი მატჩი კი იტალიასთანაა – თბილისში, 14 ნოემბერს, 19 საათზე. ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ილაპარაკა:
– იტალიის ნაკრები კარგად შეთამაშებული ძლიერი გუნდია. ჰყავს ევროლიგის მოთამაშეები და ხარისხიან კალათბურთს უჩვენებს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით წინა ტურში – იტალიამ ესპანეთთან ბოლომდე იბრძოლა და დამატებით დროში დამარცხდა.
– ჩვენც მძიმე ბრძოლა გვქონდა ისლანდიაში, თუმცა გუნდმა ძალების აღდგენა მეტ-ნაკლებად კარგად მოახერხა და იტალიასთან მატჩს მომზადებული ხვდება.
– ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რომ მატჩს თბილისში ვმართავთ. ქართველი ქომაგის წინაშე თამაში კალათბურთელებს დამატებით ენერგიას მატებს. ევრობასკეტის მსვლელობისასაც გამოჩნდა, რომ საქართველოში ნამდვილი გულშემატკივარია. როცა იგებ, ყველა გვერდში გიდგას, როცა გაჭირვებისასაც შენთან არის, ესე იგი ქომაგს უყვარს კალათბურთი და ეროვნული ნაკრები. იმედი მაქვს, დარბაზი იტალიასთან მატჩისასაც ბოლომდე გაივსება.