ილიას ზუროსი - მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ვინმემ უნდა შეაფასოს, რა მოხდა მეორე მეოთხედში #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 67:88 დამარცხდა. იყო ბევრი სადავო ეპიზოდი, რომლის დროსაც მსაჯებმა სლოვენიის მხარე დაიჭირეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა:
– პირველ რიგში, ვულოცავ სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს, მათ დღეს ჩვენზე უკეთ ითამაშეს. ჩვენ კი მუშაობა უნდა განვაგრძოთ და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ. შანსი გვაქვს, საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. მძიმე თამაში იყო ბევრი ჯარიმით, ძალები უნდა აღვიდგინოთ და წინსვლა განვაგრძოთ.
– განაპირობა თუ არა თამაშის შედეგი მატჩის მეორე მეოთხედში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებმა?
– არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ვფქირობ, სხვამ უნდა განსაჯოს. თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პირველ ნახევარში სლოვენიელებმა 26 საჯარიმო ისროლეს, ხოლო ჩვენ – მხოლოდ 6; გადასამოწმებელია, რომ მსაჯებმა არასპორტული ერთ მხარეს მისცეს და მეორეს – არა; ტექნიკური ერთმა გუნდმა მიიღო და მეორემ – არა; სამქულიანზე მხოლოდ ჩვენ დაგვაჯარიმეს, მეტოქე კი – არა. მე ამ მომენტებზე ლაპარაკი არ უნდა მიწევდეს. მსაჯების გადაწყვეტილებები ვინმემ უნდა შეაფასოს და გადაამოწმოს.
– რას ფიქრობთ ვენესუელასთან მატჩზე?
– უნდა მოვიგოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ. ძალიან რთული მატჩი გვექნება ფიზიკურად ძლიერ გუნდთან. ჩვენც კარგი გუნდი ვართ. სამწუხაროდ, დღეს საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, თუმცა ერთხელაც ხაზს ვუსვამ, რომ კონცენტრაცია სხვა მიზეზების გამო დავკარგეთ.
– რამდენად კმაყოფილი ხართ სანდრო მამუკელაშვილის თამაშით, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ბოლო ორ მატჩში?
– ძალიან კმაყოფილი ვარ. ამასთან, ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური თამაშია. ინდივიდუალურად მასზე საუბარისას აღვნიშნავ, რომ მჯერა, დიდი მომავალი აქვს, შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს. უნდა გამოასწოროს თამაშის გარკვეული ასპექტები, თუმცა სანდრო ახალგაზრდაა და მწამს, რომ იგი ერთ-ერთი ტოპმოთამაშე გახდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. გუნდი იმარჯვებს და გუნდივე მარცხდება. შეიძლება ინდივიდუალურად ძალიან კარგად ვითამაშოთ, მაგრამ მატჩი წავაგოთ, ეს არავისთვისაა კარგი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. აქ სწორედ ამისთვის ჩამოვედით. იმედი მაქვს, 30 აგვისტოს მზად ვიქნებით და ჩვენი გამარჯვებით ყველა ქართველი იამაყებს.