ილიას ზუროსი - ლიეტუვასთან მატჩი არის შესაძლებლობა, დავინახოთ, თუ სად ვართ #1TVSPORT
ილიას ზუროსი - ლიეტუვასთან მატჩი არის შესაძლებლობა, დავინახოთ, თუ სად ვართ #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს კაუნასში ლიეტუვის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება. მატჩის წინ გამართული ვარჯიშის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ ლიეტუვასთან თამაში კარგად გამოაჩენს, სად არის რეალურად საქართველოს ნაკრები.

„ბედნიერი ვარ კაუნასში დაბრუნებით. ეს არის ადგილი, რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს. ჩემი შვილიც აქაა დაბადებული და მუდამ მსიამოვნებს ამ ქალაქში ჩამოსვლა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, დავინახოთ, სად ვართ რეალურად. ლიეტუვის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც მოახლოებულ ჩემპიონატზე მედლებისთვის იბრძოლებს.

მოედანზე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, ვიშრომოთ და დავხვეწოთ ჩვენი თამაში. წინ ორი რთული შეხვედრაა, სადაც შედეგზე მნიშვნელოვანი გუნდის სათამაშო პოტენციალის გაუმჯობესებაა. ვიმედოვნებ, მომზადების პროცესში კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა „ჟალგირისის“ არენაზე 20:20 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.