26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისლანდიას ეთამაშება. შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა – მსოფლიო ჩემპიონატზე ან საქართველო გავა, ან ისლანდია. მატჩი 20 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
თამაშის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.
„როცა თამაშებს შორის ძალიან ცოტა დროა, ბევრის გაკეთება არ შეგვიძლია – არც ტაქტიკურად და არც ფიზიკურად. ვეყრდნობით კალათბურთელების ღირსებას.
ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ფიზმომზადების მწვრთნელებისა და ექიმების როლი. მინდა, მათ მადლობა ვუთხრა დიდებული სამუშაოსთვის.
დარჩენილია ერთი თამაში. ყველაფერი გონებიდან მოდის: თუ მენტალურად ძლიერი ხარ, ფიზიკურადაც ძლიერი იქნები.
მჯერა, ამ მომენტში ყველას ესმის, რომ ეს არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისა და კალათბურთისთვის.
ასეთი შანსი ხშირად არ გეძლევა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისტორია. ყველამ 100 პროცენტი უნდა გაიღოს, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან და რთულ მიზანს.
ეს ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო. ჩვენ არ ვიყავით ფავორიტები, თუმცა ჩვენი თამაშების მიხედვით ახლა უკვე ვიმსახურებთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას.
მინდა, ყველას შევახსენო – ამ შესარჩევზე ორი მატჩი მოვიგეთ, რომლის შედეგები სათვალავში აღარ შედის. ეს უსამართლობაა. პირველ ეტაპზე ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ ჩრდილოეთ მაკედონია, თუმცა, რადგან რუსეთი ტურნირიდან მოიხსნა, ჩვენ ეს ორი მოგება დავკარგეთ. სხვა გუნდები, რომლებსაც რუსეთთან წაგებები ჰქონდათ, ჩვენთან შედარებით უპირატესობით გადმოვიდნენ მეორე ეტაპზე.
„თბილისი არენაზე“ ყველა ბილეთი გაყიდულია, გულშემატკივრები დამატებით ენერგიას მოგვცემენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ იმედები გავუმართლოთ“.