ილიას ზუროსი - ჩემს მოთამაშეებს მადლობას ვუხდი, ჩვენ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ვფიქრობდით #1TVSPORT
ილიას ზუროსი - ჩემს მოთამაშეებს მადლობას ვუხდი, ჩვენ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ვფიქრობდით #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ავსტრალიასთან 84:100 წააგო და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა საკუთარ მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საუკეთესო 16 ნაკრებში გასვლით იმაზე მეტს მიაღწიეს, ვიდრე პლანეტის პირველობის წინ ფიქრობდნენ.

„ვულოცავ ავსტრალიის ნაკრებს გამარჯვებას. ეს არის ბრწყინვალე გუნდი შესანიშნავი მოთამაშეებით. მათ იციან, როგორ ითამაშონ სწრაფი და შედეგიანი კალათბურთი. სამწუხაროა, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლას ვერ გააგრძელებენ.

მსურს, მადლობა გადავუხადო FIBA-ს, რომელმაც ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწია. ასევე მადლობა ქომაგებს, რომლებიც ამ დროის მანძილზე ტრიბუნიდან მხარს გვიჭერდნენ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მოთამაშეებს. ჩვენ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე აქ ჩამოსვლამდე ვიფიქრებდით, გავედით მსოფლიოს საუკეთესო 16 ნაკრებს შორის და მოვიპოვეთ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება. მიყვარს ჩემი კალათბურთელები. საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს ვიტყვი. ამ რვა წლის განმავლობაში საქმეში მთელი გული ჩავდე.

რაც შეეხება შენგელიას არყოფნას, მთავარი ჩემთვის კალათბურთელების ჯანმრთელობაა. ბევრმა მოთამაშემ ამ წლების მანძილზე ყველაფერი გააკეთა, რათა მუდამ ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ. გერმანიასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და თორნიკემ მონაწილეობა მიიღო, ახლა კი მისი ჯანმრთელობის დაცვა ძალიან პრიორიტეტული იყო. ტრავმების გამო ასევე ვერ გვეხმარებოდნენ სანაძე, ბერიშვილი და ცინცაძე“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.